ფეხბურთი

11:00 | 22.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "პენალტი შემდეგ ჯერზე შეიძლება სხვამ დაარტყას, მაგალითად კვარაცხელიამ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ნიცასთან“ მატჩის (4:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც ესპანელმა თქვა, ნუნუ მენდეში, რომელმაც პენალტი გაიტანა, არ არის გუნდის ახალი პენალტისტი, მომავალში შეიძლება სხვამ დაარტყას - მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიამ.

„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მატჩამდე ვიცოდით, რამდენად რთულია ჩემპიონთა ლიგის შემდეგ თამაში, ეს ნორმალურია. და თუ ამ ტიპის მატჩების შემდეგ შედეგებს დააკვირდებით, ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით აქ, ნიცაში. სირთულეებს წავაწყდით, მაგრამ მომეწონა, როგორ მოვემზადეთ მატჩისთვის და როგორ დავიწყეთ თამაში. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი მენტალიტეტით. ეს მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობისთვის და გუნდისთვის. ახლა უნდა დავისვენოთ, ვიფიქროთ სანაკრებო შესვენებიდან დაბრუნებაზე და მოვემზადოთ მომდევნო მატჩისთვის.

ნუნუ მენდეში ახალი პენალტისტია? გამიმართლა, რომ ბევრი ფეხბურთელი მყავს, რომლებსაც პენალტის დარტყმა შეუძლიათ. ვაჩვენეთ, რომ პენალტის კარგად დარტყმა შეგვიძლია. მარკინიოსი ან ვიტინია წყვეტს, ვინ შეასრულებს პენალტს. ეს მატჩზეა დამოკიდებული, იმ მომენტში თავდაჯერებულობაზე. დღეს ეს ნუნუ იყო, შემდეგ ჯერზე შეიძლება ვიტინია, დუე, კვარა ან დემბელე იყოს. ბევრ ფეხბურთელს შეუძლია პენალტის დარტყმა“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 22 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე 36 შეხვედრაში 12 გოლი და 7-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ს 60 ქულით ლიდერობს და ერთი ქულით უსწრებს „ლანსს“, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული. ლუის ენრიკეს გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ 3 აპრილს, „ტულუზს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083496