„ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ 2023-2024 წლების სეზონი გაიხსენა, როცა „ნაპოლიში“ მუშაობდა.
როგორც მან იტალიურ მედიას უთხრა, გუნდის ლიდერებს, ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს კლუბის ხელმძღვანელობასთან პრობლემები ჰქონდათ, რის გამოც კვარა ბედნიერი არ იყო, ხოლო ოსიმენი არც ვარჯიშობდა:
„ბევრს კლუბთან პრობლემები ჰქონდა და თავიდანვე მხოლოდ სეზონის ბოლომდე მიყვანაზე ვიყავით ორიენტირებულნი. შემდეგ კი ტრანსფერები... არცერთი არ იყო შესაბამისი დონის და იმ ფანჯარაში ნაყიდი ყველა ფეხბურთელი წავიდა, გარდა ნგონგესი, რომელიც მხოლოდ მიმდინარე სეზონის წინ გაიყიდა.
კვარაცხელიას და ოსიმენს პრობლემები ჰქონდათ. ოსიმენი არასდროს ვარჯიშობდა, კვარა კი ბედნიერი არ იყო. რა თქმა უნდა, არ ველოდი ასეთ რთულ სიტუაციას, მაგრამ მაინც შესანიშნავი გამოცდილება იყო, საიდანაც ბევრი რამ ვისწავლე. პრეზიდენტთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს“, - თქვა კალცონამ.
შეგახსენებთ, რომ 2023-2024 წლების სეზონში „ნაპოლის“ სამი მწვრთნელი ჰყავდა: რუდი გარსია, ვალტერ მაძარი და ფრანჩესკო კალცონა, რომელმაც გუნდს 19 თებერვლიდან სეზონის ბოლომდე უხელძღვანელა და საბოლოოდ „ნაპოლი“ სერია A-ში მე-10 ადგილზე გავიდა.





