ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 30-ე ტურში „სასუოლოს“ ვერ მოუგო (1:1), არადა, მოსაგებად ბევრი შანსი ჰქონდა: მაგალითად, 87-ე წუთზე, როცა მანუელ ლოკატელიმ პენალტი ვერ გაიტანა.
მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა, რატომ დაარტყა პენალტი ლოკატელიმ და იხუმრა, რომ შემდეგში რეფერენდუმს ჩაატარებენ, თუ ვინ უნდა დაარტყას პენალტი:
„სხვა შემთხვევებში, ლოკატელის არ დაურტყამს, მაგალითად, როცა დევიდმა ვერ გაიტანა. ვესაუბრე ლოკატელის, მითხრა, რომ დაარტყამდა, ვუთხარი, რომ თუ გრძნობდა თავს თავდაჯერებულად, დაერტყა, რადგან პენალტისტი ისაა. შემდეგ ჯერზე რეფერენდუმს ჩავატარებთ, თუ ვინ უნდა დაარტყას.
ჩვენს გადაწყვეტილებებში შეტევების ბოლო ფაზაში სიმწიფე გვაკლდა, არც ის ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. შედეგს უნდა შევეგუოთ, ჯერ კიდევ შეგვიძლია მიზნის მიღწევა“, - თქვა სპალეტიმ.
„იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ მესამე პენალტი ვერ გაიტანა - ჯონათან დევიდმა, ქენან ილდიზმა და მანუელ ლოკატელიმ. ამ პენალტებიდან მხოლოდ ილდიზის გაცუდებულ თერთმეტმეტრიანს არ ჰქონია შედეგზე გავლენა, რადგან „იუვემ“ იმ მატჩში „კრემონეზეს“ 5:0 აჯობა, თანაც ილდიზმა პენალტის გაცუდების შემდეგ დამატებაზე გოლი მაინც გაიტანა.
დევიდმა „ლეჩესთან“ 1:1-ზე ვერ გაიტანა და მატჩი ამავე ანგარიშით დასრულდა. იგივე მოხდა ლოკატელის შემთხვევაში - „იუვეს“ მისი გაცუდებული პენალტი ორი ქულის დაკარგვად დაუჯდა. „იუვენტუსი“ სერია A-ში 54 ქულით მეხუთე ადგილზეა.





