თბილისის გრანდ სლემი საქართველოს ჰიმნით დაიხურა, რომელიც ირაკლი დემეტრაშვილის დამსახურებით აჟღერდა - ის მძიმე წონაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
+100 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილმა პოლონელი გრჟეგორჟ ტერესინსკი, კვიპროსელი იანის ანტონიუ და ნიდერლანდელი იურ სპიკერსი დაამარცხა. ფინალში კი გერმანელ ლასენი კონეს გაეჯიბრა, რომელსაც იპონით აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი საბა ინანეიშვილს ერგო, რომლის მეტოქე რუსი არტიომ ზოლოტუხინი იყო და ვაზარით იმარჯვა.
100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის იბრძოდა ნიკა ხარაზიშვილი, რომელიც დომინიკის რესპუბლიკის წევრ რობერტ ფლორენტინოს დაუპირისპირდა, მაგრამ მარცხი განიცადა.
დღესვე, 90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ლუკა ჯავახიშვილმა ბრინჯაო.
შედეგად, საქართველო, რომელიც გადახალისებული შემადგენლობით იყო თბილისის გრანდ სლემზე მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის გამო, ორი ოქროს და ოთხი ბრინჯაოს მედლით არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილზე გავიდა.
ოქროს მედლები ლუკა მაისურაძემ და ირაკლი დემეტრაშვილმა მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო - თორნიკე გიგაურმა, გიორგი ლოლაძემ, ლუკა ჯავახიშვილმა და საბა ინანეიშვილმა.







