საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია 38 წლის ასაკში სანაკრებო კარიერას ასრულებს. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კაშიას თქმით, სანაკრებო კარიერას ივნისში რუმინეთთან გასამართ მატჩი დაასრულებს.
"ნამდვილად მძიმე დღეებია მთელი ქვეყნისთვის. მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო სრულიად საქართველოს.
ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებულად ვემზადები ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩისთვის, რომელიც ივნისში მელოდება. მსურდა, ეს გადაწყვეტილება პირადად მეთქვა თქვენთვის — საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, ჩემი ქომაგებისთვის და მთელი ქვეყნისთვის. 38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ.
წესით, ეს ფრაზა პასუხობს ყველა კითხვას ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ნამდვილად ხანგრძლივი, საინტერესო და მოგონებებით სავსე იყო ეს საფეხბურთო თავგადასავალი. ბედნიერი ვარ, რომ წლების განმავლობაში ვემსახურები ჩემს ქვეყანას და წარმოვადგენ სპორტის იმ სახეობას, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ. მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა სხვადასხვა თაობის გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად.
უდიდესი პატივია ვიყო ასეთი ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და საამაყო გუნდის კაპიტანი. ჩვენ ერთად მივაღწიეთ არა მხოლოდ ჩვენს მიზნებს, არამედ თითოეული ქართველის დიდ ოცნებას — ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. ამ გზასთან დაკავშირებული თითოეული მომენტი ჩემთვის ისტორიაზე მეტია. თითოეულ მწვრთნელთან და გუნდის წევრთან გატარებული ყოველი წუთი დაუვიწყარია — ამაზე უფრო ვრცლად აუცილებლად ვისაუბრებთ.
გამორჩეულია ყველა ემოცია, რომელსაც გულშემატკივრებისგან, როგორც სტადიონზე, ისე მის გარეთ ვგრძნობ. სწორედ ისინი ამრავალფეროვნებენ ჩემს კარიერას. თითოეული სიტყვა და ფრაზა, რომელიც თქვენგან მომისმენია, ჩემთვის ძვირფასია. უახლოეს ორ შეხვედრას ახლა მეც უკვე, როგორც გულშემატკივარი, დაველოდები, ხოლო ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან, ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ. შევხვდებით — ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე"- განაცხადა კაშიამ.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, 26 მარტს, თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს ლიეტუვის წინააღმდეგ კაუნასში ითამაშებს.
გურამ კაშიას დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შედგა 2009 წლის 1 აპრილს, მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ. ის ამჟამად ეროვნული ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების რაოდენობით, კაშიამ ნაკრების მაისური 128 შეხვედრაში მოირგო და მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.





