საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, სანაკრებო კარიერას 2026 წლის ივნისში დაასრულებს. აღნიშნულის შესახებ ფეხბურთელმა 23 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.
"გურამ კაშია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია, ვისაც ეროვნული ნაკრების მაისური სცმია. ის იყო მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის — თუ რას ნიშნავს იყო ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, სიამაყით ატარებდე შენი ქვეყნის მაისურს და უკაპიტნო შენს ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე.
მთელი ფეხბურთის ფედერაციის სახელით, უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის. ვამაყობ, რომ გურამთან ერთად მომიწია თამაში, შემდეგ კი, ჩვენი ნაკრების კაპიტანი და გამორჩეული წევრი იყო. ყოველთვის მადლიერები ვიქნებით. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა შენთვის და, როდესაც გადაწყვეტ რომ მზად ხარ, ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ გააგრძელებ იმ საქმეში მოღვაწეობას, რასაც მთელი ცხოვრება ემსახურე და შენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი გააკეთე. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო მეტს გააკეთებ საქართველოსთვის", - განაცხადა იაშვილმა.
ცნობისთვის, გურამ კაშიას დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შედგა 2009 წლის 1 აპრილს, მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ. ის ამჟამად ეროვნული ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების რაოდენობით, კაშიამ ნაკრების მაისური 128 შეხვედრაში მოირგო და მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.





