საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარტის ამხანაგური მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ფრანგმა სპეციალისტმა თქვა, ერთა ლიგის მატჩებს ამბიციებით ელოდებიან.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "მიზანი, როგორც ყოველთვის, არის სწორი ბალანსის პოვნა ჩვენს დაცვით და შეტევით შესაძლებლობებს შორის. იმედგაცრუებული ვარ ბოლო ექვსი თვის შედეგებით. განსაკუთრებით საკვალიფიკაციო ეტაპზე სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში, რადგან ვფიქრობ, უკეთ შეგვეძლო თამაში, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ.
თუმცა, ზოგჯერ სწორედ რთულ ვითარებაში იწყებ გამოსავლის პოვნას. ახლა, მარტიდან ივნისამდე ოთხი ამხანაგური თამაში გვაქვს და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა სიახლეებისთვის. ვგულისხმობ როგორც ახალ მოთამაშეებსაც, ისე ტაქტიკურ ორგანიზაციას. რა თქმა უნდა, ამ ოთხ მატჩს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვცადოთ სხვადასხვა ვარიანტი და ვიპოვოთ საუკეთესო ბალანსი მომავალი წლისთვის.
ერთა ლიგის ახალ გათამაშებას ამბიციით ველოდებით. არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებთ და A ლიგაში გადავალთ, მაგრამ ჩვენი მიზანი თავიდანვე იქნება პირველი ადგილის დაკავება — ეს ბუნებრივია ნებისმიერი ტურნირისთვის.თუმცა ვიცით, რომ უნგრეთთან, ირლანდიასთან და უკრაინასთან ძალიან რთული ჯგუფი იქნება. ამიტომაც ეს ოთხი მატჩი მარტსა და ივნისში ძალიან მნიშვნელოვანია რათა მივიღოთ პასუხები ჩვენს კითხვებზე და მაქსიმალურად გავზარდოთ მოთამაშეების თავდაჯერება".
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი ფეხბურთელი დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, 17-წლამდე ნაკრებთან ერთად იყო შეკრებაზე მათე ისაკაძე, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის 15-წლამდე ნაკრების კაპიტანია. ძალიან გვიხარია, რომ ჩამოვიდა და იმედი გვაქვს, მომავალში საქართველოს ნაკრებს აირჩევს. შემდეგ შეკრებაზე ჩამოვა ნიურნბერგის 17-წლამდე გუნდის წევრი, რომელიც დედით ქართველია. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ მეტი ქართველი ფეხბურთელი დავაბრუნოთ საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს კონკურეციის ზრდას და ჩვენი ნაკრებების გაძლიერებას.
ვმუშაობთ ივნისის მეორე ამხნაგური მატჩის ორგანიზებაზე. მეტოქის შერჩევისას, რა თქმა უნდა, გვაქვს კომუნიკაცია მთავარ მწვრთნელთან. სწორედ მწვრთნელის იდეების და მომავალი მეტოქეების გათვალისწინებით შეირჩა ისრაელის და რუმინეთის ნაკრებები. ვფიქრობ, ბევრი აქვთ საერთო ჩვენს მომავალ მეტოქეებთან".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 26 მარტს ისრაელის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 29 მარტს სტუმრად ლიეტუვას გაეჯიბრება.





