„ნიურნბერგის“ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა გერმანიის II ბუნდესლიგის 27-ე ტურში „კაიზერსლაუტერნთან“ ორი გოლი გაიტანა, ხოლო მისმა გუნდმა 3:0 მოიგო. ქართველ ფეხბურთელს წარმატებული თამაში დაუფასა Kicker-მა და ლუკა 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
გარდა ამისა, ცნობილმა გამოცემა BILD-მა ლოჩოშვილს სტატია მიუძღვნა.
"ლოჩოშვილმა, რომელიც ცენტრალური მცველია ორი გოლი გაიტანა, გერმანიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე მერგიმ ბერიშა (27) გაანეიტრალა და თავის გუნდს მოედანზე ყველგან დიდი ენერგია შესძინა. ლუკა „კაიზერსლაუტერნთან“ მოგებული მატჩის მთავარი გმირი იყო. მისი დაცვითი უნარების წყალობით ფრანკონიანებმა ნოემბრის შემდეგ პირველად შეინარჩუნეს კარი მშრალად", - წერს გამოცემა.
ლუკა ლოჩოშვილის თამაში „ნიურნბერგის“ მთავარმა მწვრთნელმა მიროსლავ კლოზემ შეაფასა:
"ლოჩოშვილი საოცარი მოთამაშეა და როგორც მიწაზე ისე ჰაერში საოცარი ტაიმინგი აქვს, ზუსტად არჩევს პოზიციებს. მიხარია, რომ კარიერა უკვე დასრულებული მაქვს, რადგან მის წინააღმდეგ თამაში არასდროს მომინდებოდა.
ლუკას გამო ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა როცა ის დრიბლინგს იწყებს, ხანდახან მირჩევნია, ბურთი თანაგუნდელს გადააწოდოს და თავის ადგილზე დარჩეს", - განაცხადა კლოზემ.
ლოჩოშვილი ნიურნბერგში თავის მომავალს ღიად ტოვებს, დუბლის შემდეგ მან გადაჭრით არ უპასუხა შეკითხვას, დარჩება თუ არა გუნდში: „არ ვიცი. მიყვარს გულშემატკივრები და ყველა, ვინც აქ მუშაობს, აქ ბედნიერი ვარ. ორიენტირებული ვარ იმაზე, რომ სეზონის ბოლომდე ყველაფერი გავაკეთო კარგი შედეგის მისაღწევად“.
კლოზემ ლუკას ამ კომენტარზე ასეთი განცხადება გააკეთა: „ეს რომ მცოდნოდა, თამაშის შემდეგ სხვანაირად დავემშვიდობებოდი. რა თქმა უნდა, ამაზე მას ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ დაველაპარაკები“.
ლოჩოშვილს II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრაში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი. მას საუკეთესო შეფასება ჰქონდა „კაიზერის“ წინააღმდეგ და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
„ნიურნბერგი“ 27 ტურის შემდეგ 36 ქულით მეცხრე საფეხურზეა, ხოლო მომდევნო ტურში 5 აპრილს, „ბრაუნშვაიგს“ ესტუმრება. მანამდე ლოჩოშვილი საქართველოს ნაკრებში ისრაელისა და ლიეტუვას წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.





