crocobet დიდი 10-ის 2025/2026 წლების სეზონის რეგულარული გათამაშება დასრულდა. ჩემპიონობისთვის ბრძოლას ბათუმის ‘ბათუმი’, ქუთაისის ‘არესი’ და ‘აია’, რუსთავის ‘ხარები’ და თბილისური გუნდები - ‘ლელო’ და ‘ხვამლი’ აგრძელებენ.
ბოლო ტურში მოპოვებული გამარჯვების მუხედავად, crocobet დიდ 10-ს 2021 წლის შემდეგ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ ემშვიდობება. თავის მხრივ, დასკვნით ტურში მოპოვებული გამარჯვების წყალობით, მე-9 ადგილი და შესაბამისად, ფლეი აუტში (პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან) თამაშის უფლება შეინარჩუნა დებიუტანტმა გორის ‘გორმა’.
დებულების თანახმად, მე-18 ტურის ხუთივე შეხვედრა ერთდროულად დაიწყო. 10-იდან 8 გუნდს საკუთარი ამოცანა ქონდა გადასაჭრელი, ორი კი უმოტივაციოდ გახლდათ - რუსთავის ‘ხარებს’ მე-4 ადგილი ნებისმიერ შემთხვევაში გარანტიირებული ქონდა, ხოლო მე-8 საფეხურზე მყოფ ‘წიქარას’ არც დაქვეითება ემუქრებოდა და ვერც ექვსეულში შედიოდა.
‘წიქარა’ დასკვნით ტურში ‘ხვამლს’ „ხვამლი არენაზე“ დაუპირისპირდა. მუხიანელებს ექვსეულში შესასვლელად აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებოდათ და ამასთან, ‘ლელოს’ ან ‘არმიას’ თავიანთი თამაშები ვერ უნდა მოეგოთ. დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ (8:5), ‘ხვამლმა’ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ 32:12 გაიმარჯვა.
ჯამში ‘ხვამლმა’ 5 ლელო (გიორგი ვარდოსანიძე, გიორგი ჯობავა, ზაურ ლუტიძე, დაჩი წიკლაური, ლაშა კაკაურიძე) გაიტანა, რომელთაგან ორი ლუკა თაყაიშვილმა გარდასახა. მანვე პირველ ტაიმში არეკნიც უნაკლოდ შეასრულა. ჯიუტასა ნავემ მეტოქეს თითო ტაიმში თითო ლელოთი უპასუხა და გიორგი ასათიანმა ერთი გარდასახა. შედეგად, ‘ხვამლს’ ბონუს ქულაც ერგო რეგულარული გათამაშება 39 ქულით მე-6 ადგილზე დაასრულა. ‘წიქარამ’ crocobet დიდი 10-ში სადებიუტო სეზონში 31 ქულა მოაგროვა და მე-8 ადგილს დასჯერდა.
მანამდე მე-6 ადგილს თბილისის ‘არმია’ იკავებდა, რომელიც სტეფანწმინდის ‘ყაზბეგთან’ „ავჭალაზე“ 20:35 დამარცხდა. მას 36 ქულა დარჩა და საბოლოოდ მე-7 ადგილი დაიკავა. ამ თამაშში მოგება ორივე გუნდს ჭირდებოდა, რადგან ‘გორის’ მარცხის შემთხვევაში, სტეფანწმინდელებს მე-9 ადგილზე აღზევების შანსი ჰქონდათ.
დაძაბული თამაში ქულა-ქულაში წარიმართა. ‘ყაზბეგმა’ პირველი ტაიმი 14:12 მოიგო, საბოლოოდ კი 35:20 გაიმარჯვა, მაგრამ ეს მიზნის მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა და ‘არმიაც’ ექვსეულს მიღმა აღმოჩნდა. სტეფანწმინდელებმა 5 ლელო (ვაჟა მაისურაძე, ლუკა ალიბეგაშვილი, თენგიზ პერანიძე, დავით აბდუშელიშვილი, გიორგი ხუროშვილი) გაიტანა და გორგი პეტრიაშვილმა ყველა გარდასახა. ‘არმიამ’ ანდრე მანუელის სამი ლელოთი უპასუხა, რასაც მერლს პიტერსმა თითო გარდასახვა და ჯარიმა შემატა, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
‘გორმა’ მშობლიურ ქალაქში უმოტივაციო რუსთავის ‘ხარები’ 43:15 დაამარცხა, ბონუს ქულაც აიღო და მე-9 ადგილი შეინარჩუნა. შიდა ქართლელებმა ჯამში 7 ლელო (ვანო ბურდული, ბაქარ ზედგინიძე 2, საბა ჯღარკავა, დავით მთვარაძე 2, ლევან ხუციშვილი) გაიტანეს. მამუკა ნინიძემ მათგან 4 გარდასახა. ‘ხარებმა’ დავით ხუროშვილისა და სანდრო სვანიძის (2) ლელოებით უპასუხა.
საბოლოოდ ‘გორი’ 25 ქულით მე-9 ადგილზე გავიდა და პირველი ლიგის მეორე ადგილოსანს ელოდება, ვისთანაც crocobet დიდი 10-ის საგზურისთვის ორრაუნდიანი ბრძოლა მოუწევს (აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში). ‘ხარები’ 48 ქულით მე-4 ადგილზე დარჩა და ფლეი ოფის პირველ რაუნდში მასპინძლის სტატუსით ითამაშებს.
„ბათუმი არენაზე“ ‘ბათუმმა’ ქუთაისის ‘აია’ ერთი გარდასახვით - 26:24 დაამარცხა და პირველი ადგილი შეინარჩუნა. სტუმრები პირველი ტაიმის ბოლოს მოპოვებულ უპრატესობას ინარჩუნებდნენ, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ და „სარბიელის სინი“ ბათუმში დარჩა.
ზღვისპირელთაგან ლელოები რეზი ჯინჭველაშვილმა, საბა ხონელიძემ და ბუბა ნოზაძემ (2) გაიტანეს, ხოლო ქუთაისელთაგან თავი თორნიკე ტორაძემ, ათუკა ზვიადაძემ, გიორგი სინაურიძემ და ომარ ჯანგავაძემ გამოიჩინეს. ვაჟა მიქაძემ 3 გარდასახვა გამოიყენა, გუჯა მახარეიშვილმა კი მხოლოდ ორი. ამრიგად, ‘ბათუმმა’ 66 ქულა მოაგროვა, ხოლო ‘აია’ 56 ქულით მესამე ადგილს დასჯერდა და ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის უფლებით ისარგებლებს.
თბილისის ‘ლელომ’ ქუთაისის ‘არესს’ 32:27 სძლია და 42 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა. რადგან თავისი თამაში ‘ბათუმმა’ მოიგო, ‘არესი’ 61 ქულით მეორე ადგილს დასჯერდა. „ლელო არენაზე“ მასპინძელთაგან ლელოები მიხეილ ყაჩლავაშვილმა (2), ნიკა ხალვაშმა და თენგიზ ზამთარაძემ მიითვალეს. პეტრე ხუციშვილმა მონაგარს 2 გარდასახვა და 2 ჯარიმა შემატა, ხოლო ერთი გარდასახვა ლუკა ცირეკიძეს ანგარიშზეა. სტუმრებმა მეტოქეს 3 ლელოთი (დავით კვირიკაშვილი, არსენ მაჩალაძე, გიორგი თავაძე), 3 გარდასახვით (სანდრო ფურცხვანიძე ) და 2 ჯარიმით (ფურცხვანიძე ) უპასუხეს.
მაშ ასე, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე ‘აია’ თბილისის ‘ხვამლს’ ქუთაისში 28 მარტს დაუხვდება, ხოლო ‘ხარები’ თბილისის ‘ლელოს’ 29 მარტს რუსთავში შეერკინება. გამარჯვებული გუნდები მეორე ეტაპზე ერთმანეთს 5 აპრილს ეთამაშებიან. ფლეი ოფის მეორე ეტაპზე, 4 აპრილს, ‘ბათუმი’ ქუთაისის ‘არესს’ მიიღებს და მათ შორის გამარჯვებული ფინალში გავა, დამარცხებული კი მცირე ფინალში ფლეი ოფიდან გასულ მეტოქეს საკუთარ მოედანზე დაუხვდება.
ფლეი ოფის პირველი ეტაპი
აია (ქუთაისი) - ხვამლი (თბილისი) (28 მარტი)
ხარები (რუსთავი) - ლელო (თბილისი) (29 მარტი)
მეორე ეტაპი
ბათუმი (ბათუმი) - არესი (ქუთაისი) (4 აპრილი)
აია /ხვამლი - ხარები/ლელო (5 აპრილი)
RUGBY.GE







