საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე რომ გავიდა, სოციალურ ქსელში უამრავი ემოციური კადრი გავრცელდა - ერთმანეთზე უკეთესი, ერთმანეთზე ისტორიული.
თუმცა, ჩემზე ყველაზე შთაბეჭდილება დატოვა რამდენიმეწამიანმა კადრმა, რომელშიც გურამ კაშია ჩანს - კაპიტანი, რომელსაც თითქოს, ზურგიდან მთელი ცხოვრების ტვირთი მოსცილდა, თითქოს, ცხოვრების მისია შეასრულა. ნიკა კვეკვესკის გადამწყვეტი პენალტის შემდეგ, როცა ბურთი ბადეში აღმოჩნდა, გამარჯვების მოლოდინში მყოფი ფეხბურთელები ნიკასკენ გაიქცნენ, ემოციებს ვერავინ აკონტროლებდა, ალბათ, ვერც აცნობიერებდნენ რას აკეთებდნენ, მაგრამ კაპიტნის განცდები სხვაგვარი იყო - კაშია იქვე, მოედნის ცენტრში ჩაიმუხლა და ტირილი დაიწყო: კაშიას სახეზე იმ მომენტში მთელი ქვეყნის განცდები, ემოციები, სიხარულის ცრემლები - ყველაფერი იყო ასახული. და, სიმბოლურია, რომ ამ დაუვიწყარი სცენებიდან დღეს ზუსტად ორი წელი გავიდა. თუმცა, ჩვენი სასაუბრო თემა დღეს ეს არ არის.
გურამ კაშია არ ყოფილა ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, არც საუკეთესო მცველი, ეს თვითონაც არაერთხელ უთქვამს, მაგრამ გურამი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიონალია, ვინც ქართულ ფეხბურთში ყოფილა, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ნამდვილად. არაერთხელ მასზე და ჯაბა კანკავაზე საქართველოს ნაკრების სხვადასხვა მწვრთნელს უსაუბრია, როგორც მაგალითზე, თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალი ფეხბურთელი.
კაშია სულ მალე 39 წლის გახდება. იშვიათია, როცა ქართველ ფეხბურთელს ასეთი ხანგრძლივი კარიერა ჰქონოდეს. ეს სულაც არ არის შემთხვევითი - სწორედ ეს ადასტურებს მის მიდგომას, სიყვარულს და ვნებას ფეხბურთისადმი, მის პროფესიონალიზმს. კაშიამ ფეხბურთს მთელი ცხოვრება დაუთმო და ფეხბურთისგანაც საკადრისი პასუხი მიიღო, ფეხბურთმა მას დაუბრუნა ყველაფერი, რისთვისაც გურამი პატარაობიდან მუშაობდა. არც ის ფაქტია შემთხვევითი, რომ 37 წლის ასაკში ითამაშა პირველად ევროპის ჩემპიონატზე, კაპიტნის რანგში, ხოლო მალევე, ჩემპიონთა ლიგასაც გაუგო გემო, ტურნირს, სადაც მოხვედრაზე ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს.

„ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. არც კი მიფიქრია, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ის ნაკრებში კარიერას დაასრულებდა. კარგი ღვინოსავითაა, ასაკის მატება უხდება. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენი კაპიტანია“, - ამბობდა ვილი სანიოლი კაშიაზე, როცა ბრატისლავის სლოვანი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.
სწორი შეფასებაა: კაშია კარგი ღვინოსავითაა, ასაკის მატებასთან ერთად მან უფრო მეტ კარიერულ წარმატებას მიაღწია. სხვადასხვა მინუსები, რაც ასაკის მატებასთან ერთად გაუჩნდა, შრომით, სწორი მიდგომით და პროფესიონალური დამოკიდებულებით წლების განმავლობაში აბალანსებდა. 2020 წელს, როცა ამერიკული სან ხოსე დატოვა, კორონავირუსის პერიოდში, საქართველოში დაბრუნდა, თბილისის ლოკომოტივში, ეს ყველა ლოგიკით კარიერის დაისს ნიშნავდა, მაგრამ კაშია ამაშიც გამორჩეული გამოდგა - სულ მალე მოახერხა ახალ ეტაპზე გადასვლა, რაშიც ცხადია, ხელი ვლადიმირ ვაისმაც შეუწყო, რომელმაც ის ბრატისლავის სლოვანში წაიყვანა, ჯაბა კანკავასთან ერთად - ვაისს ორივე განსაკუთრებით უყვარდა და ყოველთვის გამოარჩევდა მათ სხვებისგან.
„გურამთან 10 წელია ვმუშაობ, ქედს ვიხრი მის წინაშე, ვიცი, როგორია ის, ვიცი, რა შეუძლია. ის 38 წლისაა! როცა მოედანზეა, უფრო მშვიდად ვარ. ის ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალია, ვისთანაც მიმუშავია“, - ვლადიმირ ვაისს კაშიაზე არაერთი კომპლიმენტი უთქვამს, ესეც ერთ-ერთი მათგანია.
სლოვანში კაშიამ კარიერის წლები გაიხანგრძლივა, ოთხჯერ მოიგო სლოვაკეთის ჩემპიონატი, ითამაშა აბსოლუტურად ყველა ევროტურნირზე [ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპალიგასა და კონფერენსლიგაზე], ევროპის ჩემპიონატზე, მოკლედ, მიაღწია ფაქტობრივად ყველაფერს, რაც მის კარიერას აკლდა, საუკეთესო წლებში, როცა ვიტესის კაპიტანი იყო.
არნემის ვიტესში გურამი ნამდვილი საკლუტო ფიგურაა, ნამდვილი კაპიტანი, რომელმაც ნიდერლანდურ გუნდში დიდი ისტორია დაწერა. მარტო ის რად ღირს, რომ 133-წლიან ისტორიაში ვიტესს ერთადერთი ტიტული კაშიას კაპიტნობით, ლიდერობით აქვს მოგებული - 2017 წელს ნიდერლანდების თასი. კაშიამ არნემში 7 წელი ითამაშა, 292 მატჩი, მათ შორის 244 ერედივიზიონში. ვიტესის მაისურით ერედივიზიონში მასზე მეტჯერ არავის უთამაშია, ვიტესს არ ჰყოლია სხვა ლეგიონერი, რომელმაც კაშიაზე მეტჯერ მოირგო შავ-ყვითელი მაისური. მოკლედ, ვიტესის რეკორდსმენია, მაგრამ მთავარი მაინც ის სიყვარულია, რაც მას ნიდერლანდურ გუნდში ფანებისგან აქვს - ვიტესის გულშემატკივრებს კაშია განსაკუთრებით უყვარდათ.
საქართველოს ნაკრებში 17 წლის განმავლობაში 128 მატჩი ჩაატარა, რაც აბსოლუტური რეკორდია. კაშია არ ყოფილა უშეცდომო მცველი, არც ყველაზე ძლიერი, არც ყველაზე სწრაფი, ჰქონდა ხარვეზებიც, მაგრამ გამოარჩევდა - პროფესიონალიზმი. კაშიამ სწორედ ამით მოახერხა ყველაფრის კომპენსირება და დაბალანსება. 128 თამაში ძალიან ბევრია, მით უფრო საქართველოს ნაკრებში, ქართული ფეხბურთისთვის უნიკალური მაჩვენებელი, რომლის გაუმჯობესება დიდი ხანი ალბათ, ბევრს გაუჭირდება.
„გურამ კაშია მონუმენტური ფიგურაა ქართული ფეხბურთისთვის. ზოგადად, ახალი კაპიტნის არჩევა იოლი გადაწყვეტილება არ არის, თუმცა ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ, ჩემთვის ძალიან მარტივი გადასაწყვეტი იყო, თუ ვინ გახდებოდა ნაკრების ახალი კაპიტანი. გურამთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. ძალიან ბევრი გვისაუბრია როგორც ფეხბურთზე, ისე ზოგადად ცხოვრებაზე. ჩემი სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო მას. ძალიან სასიამოვნო იყო გურამთან ერთად მუშაობა. როდესაც ცხოვრების ერთი ნაწილი სრულდება, აუცილებლად იწყება რაღაც ახალი“, - ასე დაემშვიდობა სანიოლი კაშიას, რომელმაც სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
და, სანიოლი მართალია: საქართველოს ნაკრებმა ახლა უნდა ისწავლოს კაშიას გარეშე თამაში. ბოლო 17 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, ბოლო ხანებში, საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზის თამაში აწყობილი იყო კაშიას გარშემო და მისი შეცვლა ადვილი არ იქნება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ წლებს თავისი მიაქვს, წასვლის დროც ალბათ სწორადაა შერჩეული.
„უდიდესი პატივია ვიყო ასეთი ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და საამაყო გუნდის კაპიტანი. ერთად მივაღწიეთ არა მხოლოდ ჩვენს მიზნებს, არამედ თითოეული ქართველის დიდ ოცნებას - ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. ამ გზასთან დაკავშირებული თითოეული მომენტი ჩემთვის ისტორიაზე მეტია. თითოეულ მწვრთნელთან და გუნდის წევრთან გატარებული ყოველი წუთი დაუვიწყარია“, - ამბობდა კაშია, როცა ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
საქართველოს ნაკრებში ერთი დიდი თავი ნამდვილად დასრულდა. გურამ კაშიას პროფესიონალიზმი ბევრისთვის მისაბაძი იქნება და სამართლიანადაც.





