მოჰამედ სალაჰი „ლივერპულს“ დაემშვიდობა, მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს, სადაც 9 წელი გაატარა.
როგორც სალაჰი ამბობს, „ლივერპული“ საფეხბურთო გუნდზე მეტია და მისი ფანების წყალობით, ის არასდროს ივლის მარტო:
„სამწუხაროდ, ეს დღე დადგა. ეს ჩემი დამშვიდობების პირველი ნაწილია, სეზონის ბოლოს „ლივერპულს“ დავტოვებ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ კლუბის ნაწილი იყო ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში, განსაკუთრებით ჩემს თანაგუნდელებს, წარსულსა და აწმყოში. გულშემატკივრებს ვეტყვი, რომ მხარდაჭერა, რომელიც გამომიცხადეთ ჩემი კარიერის პიკზე და ის ფაქტი, რომ გვერდით დამიდექით ყველაზე რთულ მომენტებში - ეს არის ის, რასაც არასდროს დავივიწყებ და ყოველთვის მემახსოვრება. ყოველთვის ერთ-ერთი თქვენგანი ვიქნები, ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყოველთვის სახლი იქნება. თქვენი წყალობით მარტო არასდროს ვივლი.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რამდენად ღრმად გახდებოდა ეს კლუბი, ქალაქი, ადამიანები ჩემი ცხოვრების ნაწილი. „ლივერპული“ უბრალოდ საფეხბურთო გუნდზე მეტია. ეს ვნებაა. ეს ისტორიაა. ეს სულია. ამას სიტყვებით ვერ ავხსნი ვინმესთვის, ვინც ამ კლუბის ნაწილი არ არის“, - აღნიშნა სალაჰმა.
უცნობია, სად გაგრძელდება ეგვიპტელის კარიერა, რომელსაც „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ ის ვადაზე ადრე გაწყდება და „ლივერპული“ უფლებას მისცემს, რომ უფასოდ წავიდეს.
მოს აგენტმა რამი აბასმა მისი კლიენტის მომავალზე თქვა: „არ ვიცით, სად ითამაშებს სალაჰი მომდევნო სეზონში“.
მოჰამედ სალაჰმა 2017 წლიდან „ლივერპულში“ 435 შეხვედრაში 255 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა. მან ოთხჯერ მოიგო პრემიერლიგა, ორჯერ ინგლისის ლიგის თასი, ასევე, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
სალაჰი მანამდე „ბაზელის“, „ჩელსის“, „ფიორენტინას“ და „რომას“ შემადგენლობაში თამაშობდა.





