მადრიდის „რეალის“ სამედიცინო შტაბში, როგორც ჩანს, კილიან მბაპეს ტრავმასთან დაკავშირებით დაუჯერებელი შეცდომა დაუშვეს.
როგორც RMC Sport-ის ჟურნალისტი დანიელ რიოლო იტყობინება, „სამეფო კლუბში“ გასული წლის ბოლოს კილიანს მარჯვენა მუხლზე ჩაუტარეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, მაშინ, როცა რეალურად ფეხბურთელს პრობლემა მარცხენა მუხლზე ჰქონდა.
შედეგად, ლოგიკურია, რომ ექიმებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს და ფეხბურთელს მცირე ხნით დასვენება გამოუწერეს. კილიანმა იანვრის დასაწყისში ორი, ხოლო მარტში სამი თამაში გამოტოვა. როგორც ამბობენ, წლის დასაწყისში „რეალის“ სამედიცინო შტაბში ცვლილებებიც სწორედ ამ უხეშ შეცდომას უკავშირდება.
მბაპემ არასწორი შემოწმების შემდეგ ტრავმირებულმა გააგრძელა თამაში, რაც დაზიანების გართულების დიდი რისკი იყო, რასაც შეეძლო მისთვის სეზონიც დაესრულებინა და მსოფლიოს ჩემპიონატიც გამოეტოვებინა. საბოლოოდ, კილიანი პარიზში წავიდა, რათა მის მიერ შერჩეულ ექიმთან ჩაეტარებინა გამოკვლევა და პრობლემაც გაირკვა.
„რეალისთვის“ ეს სირცხვილია. ამ არასწორ დიაგნოზს შეიძლებოდა გაცილებით სერიოზული შედეგები მოჰყოლოდა, რადგან მბაპეს დიდი დრო დასჭირდა იმის გასარკვევად, თუ რა სჭირდა. მან სხვაგან მიმართა მკურნალობას, რამდენიმე თამაშიც კი ჩაატარა, ზუსტად არ იცოდა, რა სჭირდა“, - თქვა რიოლომ.
თავის მხრივ, ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ახლა 100%-ით კარგადაა: „ჩემი მუხლი კარგადაა. მდგომარეობა უმჯობესდება. ვიცი, რომ ამის შესახებ ბევრი სპეკულაცია იყო და ცრუ ინფორმაციაც გავრცელდა. 100%-ით გამოჯანმრთელებული ვარ. პარიზში საფუძვლიანი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობა მქონდა. ერთად შევძელით გეგმის შემუშავება“.
კილიან მბაპე ამჟამად საფრანგეთის ნაკრების შეკრებაზეა, რომლის რიგებში მარტის ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. მიმდინარე სეზონში ფრანგმა შემტევმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 თამაშში 38 გოლი გაიტანა, ხოლო ექვსჯერ საგოლე პასი მიითვალა.





