ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რან ბენ შიმონმა საქართველოში გამომგზავრებამდე ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა და კომენტარი გუნდში არსებულ მდგომარეობაზე და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე გააკეთა. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ნაკრებზე და აღნიშნა, რომ ჩვენს ნაკრებს ოქროს თაობა ჰყავს და მის გუნდს ამ მატჩიდან ბევრი რამის სწავლა შეუძლია.
"ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა სიტუაციაა ახლა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ თამაში მაინც გადავწყვიტეთ და ამ ყველაფერს სრული სერიოზულობით ვუყურებთ. როგორც ყველა ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებელი ჩვენც დროის მეტ ნაწილს თავშესაფარში ვატარებთ, ეს ერთის მხრივ კარგია, რადგან ოჯახის წევრებთან დიდ დროს ვატარებთ, მაგრამ სამსახურში მაინც გვიწევს სიარული.
საქართველოსთან თამაშისთვის 23-კაციანი შემადგენლობით ვემზადებით, საიდანაც ფეხბურთელების გარკვეული ნაწილი ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობს, მათ უკვე ერთი თვეა ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებიათ და ცხადია ეს პრობლემა იქნება, თუმცა ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ. ვიცით, რომ ჩვენს თამაშს მთელი ისრაელი უყურებს და მოგებისთვის ვიბრძოლებთ, რათა თავშესაფარში მყოფი ხალხი გავახაროთ.
საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია და მათთან სტუმრად თამაში რთული იქნება. საქართველოს ოქროს თაობა ჰყავთ და ამ თამაშიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია", - განაცხადა შიმონმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი 26 მარტს 21:00 საათზე გაიმართება.





