საქართველოს ნაკრების კაპიტნის რანგში ხვიჩა კვარაცხელიამ მედიის წინაშე პირველად ისაუბრა.
ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ეცდება, სამაგალითო იყოს თითოეული ფეხბურთელისთვის:
„მინდა, მივუსამძიმრო მთელ საქართველოს ჩვენი სულიერი მამის, ილია II-ის გარდაცვალება. მან უდიდესი სითბო და სიყვარული დატოვა. ამაყი ვარ, რომ მის ეპოქაში ცხოვრების შესაძლებლობა მომეცა. მისი სიტყვები ყოველთვის გამყვება. ბედნიერი ვარ, რომ მასთან შეხვედრის შესაძლებლობაც მქონდა.
რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი. მითუმეტეს, როცა პირადად მე მომიწია გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას კაპიტნობით თამაში. დიდი სირთულეა ეს ყველაფერი, მაგრამ ვეცდები, რომ ჩემი თავის საუკეთესო ასპექტი ვიყო ამ ასპექტში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თითოეული ფეხბურთელისთვის ვიყო მაგალითი, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. იმედია, ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც ვოცნებობ, ისე იქნება, როგორც ვგეგმავ და ყველაფერი კარგად ჩაივლის.
როცა გუნდს ჰქონდა დიდი სირთულეები, პირველ რიგში გურამი და ჯაბა იყვნენ მაგალითები, როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ. მინდა, იგივე გავაკეთო მეც, ვიყო მაგალითი ფეხბურთელებისთვის და გასაჭირში, რომელიც შეიძლება გვქონდეს, დავდგე პირველი და სწორი გადაწყვეტილებები მივიღო.
არ ვფიქრობ, რომ მსაჯებთან პრობლემა მაქვს, შეიძლება ხანდახან მსაჯებთან ემოციები გამოვხატო, მაგრამ არის მომენტები, როცა მივდივარ და ბოდიშს ვუხდი. ძალიან ბევრი ფეხბურთელია, რომლებიც იგივენაირად გამოხატავენ ემოციებს, ვფიქრობ, რომ ეს ემოციებთანაა დაკავშირებული, მაგრამ როცა ნაკრების კაპიტანი ხარ, მეტი პასუხსიმგებლობა გაქვს.იმედია სამაგალითო ვიქნები ამ ასპექტში და გამოვასწოროებ ამ ყველაფერს.
ხვალინდელი დღიდან, პირველი ამხანაგური მატჩიდან, ვიწყებთ ერთა ლიგის შეხვედრებისთვის მზადებას, რომელიც 2026 წელს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. ვმუშაობთ სიახლეებზე, რაც ოფიციალურ მატჩებში აუცილებლად გამოგვადგება“, - თქვა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას 2019 წლიდან საქართველოს ნაკრებში 47 მატჩი აქვს ჩატარებული (20 გოლი). მან დღემდე საქართველოს ნაკრებს სულ სამ შეხვედრაში უკაპიტნა. 25 წლის ფეხბურთელმა კაპიტნის სამკლაურით 2025 წელს სტუმრად ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ, თბილისში კი ბულგარეთის ნაკრებთან ითამაშა.
საქართველო - ისრაელის მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება.





