ფეხბურთი

17:57 | 25.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

სანიოლი: "ისეთი დიდი მომენტი თუ გვინდა, როგორიც ევრო 2024 იყო, მაშინ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისრაელთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, საბა გოგლიჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე სავარაუდოდ, არ ითამაშებენ, რადგან რისკზე წასვლა ახლა გაუმართლებელი იქნება.

"ვიცით, რომ ერთა ლიგა მხოლოდ სექტემბერში იწყება, თუმცა ბევრს ვმუშაობთ, რადგან ორი კარგი მატჩის ჩატარება გვინდა. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს და საბა გოგლიჩიძეს, ორივე გარკვეული პრობლემებით ჩამოვიდა. არ ვიცი, ღირს თუ არა ახლა, ამხანაგურ მატჩებში, რაიმე რისკზე წასვლა. განსაკუთრებით ჩაკვეტაძის შემთხვევაში - მას კარიერის განმავლობაში ტრავმებთან არაერთი პრობლემა ჰქონია. ამ ეტაპზე ის ჩვენთან ერთად არის და ვფიქრობ, ხვალ სამედიცინო შტაბთან კიდევ ერთხელ შევამოწმებთ მის მდგომარეობას, შემდეგ კი გადაწყვეტილებასაც მივიღებთ.

დიახ, ხვიჩა ახალი კაპიტანია და მას საკუთარი გზა უნდა იპოვოს. მან თავად უნდა აღმოაჩინოს, თუ როგორი კაპიტანი უნდა გახდეს, რადგან ეს მისი პიროვნების ანარეკლი უნდა იყოს. თუ ეს გადაწყვეტილება მივიღე, ეს ნიშნავს, რომ 100 პროცენტით მჯერა - მას შეუძლია ძალიან კარგი კაპიტანი გახდეს.

ვფიქრობ, ჩვენმა გულშემატკივრებმა, განსაკუთრებით ბოლო წლებში და გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე, აჩვენეს, რომ შეიძლება ევროპაში საუკეთესოებიც კი იყვნენ. მთელ მსოფლიოზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ევროპაში ნამდვილად გამორჩეულები არიან.

მინდა, რომ ზუსტად ასეთები დარჩნენ და კვლავ დაგვეხმარონ, რადგან მათ გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. ამიტომ გთხოვთ, ჩვენს გვერდით იყავით მაშინაც კი, როცა ეს რთულია. თუ ისევ ისეთი დიდი მომენტები გვინდა, როგორიც ევროპის ჩემპიონატზე გვქონდა, მაშინ ყველას ერთად გვჭირდება ბრძოლა", - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ისრაელის ნაკრებთა მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09283