ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა ვინისიუსმა განაცხადა, რომ დამდეგ მუნდიალზე ფავორიტები არ არიან, მაგრამ სურს, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს და ბრაზილია იქ დააბრუნოს, სადაც ყოფნას იმსახურებს.
„მსოფლიოს ჩემპიონატისთვის და ყველა ჩემი მთავარი მიზნისთვის მზად ვარ. თავს შესანიშნავ ფორმაში ვგრძნობ. მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე ვითამაშე და აღარ მინდა წავაგო. მზად ვართ. რაფინია, ჟოაო პედრო, ახალი თაობა ენდრიკით, ესტევაოთი... ყველანი მზად ვართ. მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ფავორიტები არ ვართ, მაგრამ გვინდა, ბრაზილია იქ მივიყვანოთ, სადაც იმსახურებს. ფავორიტებზე ნუ ვისაუბრებთ.
მე და რაფინია, ბოლო წლების საუკეთესო მოთამაშეებს შორის ვიყავით და კაზემიროც, როგორც ყოველთვის. ამ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დიდი გამოცდილება გვაქვს.
ნეიმარი ჩემი ერთ-ერთი უდიდესი კერპია. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 100%-ით ფორმაში იყოს და ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნდეს. გადაწყვეტილება მწვრთნელზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ყოველთვის საუკეთესოებთან ერთად გვინდა თამაში და ნეიმარი მათ შორისაა“, - თქვა ვინისიუსმა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მაროკოს, ჰაიტისა და შოტლანდიის ნაკრებებს შეხვდება.







