სხვა

10:55 | 26.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბერულავას და მეტელკინას კომენტარი მოკლე პროგრამაში რეკორდის შემდეგ

ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მოკლე პროგრამაში ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა შესანიშნავად გამოვიდნენ და მეორე ადგილი დაიკავეს.

მათ კარიერის პირადი რეკორდი აჩვენეს მოკლე პროგრამაში (79.45 ქულა) და თავისუფალ პროგრამაში ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ. გამოსვლის შემდეგ ლუკამ და ანასტასიამ კომენტარი გააკეთეს და ოლიმპიადაც გაიხსენეს, სადაც ერთი თვის წინ ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ლუკა ბერულავა: „ეს ჩვენი პირადი რეკორდი იყო, სეზონის საუკეთესო შედეგი. ეს საოცარი მომენტია ჩემთვის და ჩემი მეწყვილესთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ოლიმპიურ თამაშებზე გვეჩვენებინა, რისი გაკეთება შეგვიძლია. ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ ამის გაკეთება შევძელით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმის ჩვენება, თუ რამდენად გაიზარდა ფიგურული ციგურაობა საქართველოში და რომ შეგვიძლია ეს სპორტი წინ წავწიოთ და ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩვენთან მაღალი დონეა. ძალიან, ძალიან გვიხარია, რომ მთელი საქართველო გვიყურებდა და გვიჭერდა მხარს და ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ“.

ანასტასია მეტელკინა: „როდესაც პატარა ვიყავი, ოლიმპიური მედლის მოგებასა და ოლიმპიურ თამაშებზე წასვლაზე ვოცნებობდი. ხალხი მეუბნებოდა, რომ ეს ძალიან რთულია, რომ მილიონში მხოლოდ ერთს შეუძლია ამის მიღწევა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ოცნებაზე არასდროს მითქვამს უარი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეწყვილე ლუკას, რადგან ის ერთადერთია, ვინც არასდროს მეუბნებოდა: „შენ გიჟი ხარ“, არამედ მეუბნებოდა: „დიახ, ჩვენ ამ მიზნისკენ მივისწრაფვით“. ბავშვობაში შენს ოცნებებში ცხოვრობ და საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს“.

თავისუფალ პროგრამაში შეჯიბრი 26 მარტს გაიმართება. ქართულ წყვილს გერმანულ წყვილთან ძალიან მცირედი - 0.33-ქულიანი ჩამორჩენა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091981