საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგ მატჩს 27 მარტს, ქუთაისში, ლატვიის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართავს.
მატჩამდე მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელებმა, გაბრიელ სიგუამ და ანდრია ბართიშვილმა კომენტარი გააკეთეს.
სვანაძე რთულ თამაშს ელოდება და ასევე ისაუბრა, გუნდის ახალწვეულებზე.
რამაზ სვანაძე: „რაც დაგეგმილი გვქონდა, ყველაფერი შესრულდა, ვგულისხმობ ვარჯიშს. ძალიან გვჭირდებოდა კარგი განწყობა გასული წლის შემდეგ, რადგან არ გვქონდა ის შედეგები, რაც ყველას გვინდოდა, რასაც ბევრი მიზეზი ჰქონდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ, იმიტომ, რომ ახალ წელს ვიწყებთ, პირველი შეკრებაა და დიდი აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ჩვენი განწყობა და მენტალური მხარე ყოფილიყო მზადყოფნაში.
რა თქმა უნდა, ლატვიასთან რთულ თამაშს ველოდები, რადგან ამ ეტაპზე ნებისმიერი მეტოქე დასაფასებელი და რთულად დასამარცხებელია. ჩვენ, ჩვენი მიზნები და გეგმები გვაქვს, ვეცდებით, რომ ამ შეკრებიდან მაქსიმუმი მივიღოთ.
ახალწვეულებმა დაიმსახურეს აქ ყოფნა, ისინი სტაბილურად თამაშობენ ჩვენს ჩემპიონატში, ასევე არის რამდენიმე ლეგიონერი. დებიუტანტებისთვის ემოციურად ეს ყველაფერი ყოველთვის რთულია, მაგრამ ამავდროულად ეს მომენტი ყოველთვის ემახსოვრებათ. მათგან ვითხოვ, რომ იყვნენ ისეთივე ლაღები და თავისუფლები, როგორც თავიანთ გუნდებში არიან, რადგან აქ ყოფნა დაიმსახურეს. მათი იმედი გვაქვს, არა მარტო ახლა, არამედ მომავალშიც. ნელ-ნელა დავიწყეთ საქმეში ნახვა იმ ფეხბურთელების, რომლებიც შემდეგ შესარჩევში ნაკრებში მოიაზრებიან. ითამაშებენ თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარმოაჩენენ თავს სავარჯიშო პროცესში. დანაკლისი სამწუხაროდ ყოველთვის გვაქვს, ამ თაობასთან პირველივე შეკრების დღიდან ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ ამ შეკრებიდან მაქსიმუმის მიღება გვინდა“.
გაბრიელ სიგუა: „თავს კარგად ვგრძნობ, ბოლო მატჩები ჩავატარე. მონდომებულები ვართ, კარგად ვვარჯიშობთ. ბრძოლაში ვართ, ძალიან გვჭირდება, რომ ეს მატჩები მოვიგოთ, რადგან ეს 6 ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ორივე თამაში მოვიგოთ და გულშემატკივარი გავახაროთ. ძალიან კარგი განწყობით ვართ, მოვუწოდებ გულშემატკივარს, რომ მობრძანდეს, რადგან ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა და ორმაგად ვიხარჯებით“.
ანდრია ბართიშვილი: „ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, მადლობელი ვარ, რომ მწვრთნელმა ნდობა გამომიცხადა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ადგილი დავიმკვიდრო. იდეალური ატმოსფერია, კარგი გარემოა, ყველა ყველასთან კარგადაა და იმედი მაქვს, ამას მოედანზეც გადავიტანთ“.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 27 მარტს ლატვიას, ხოლო 31 მარტს მალტას შეხვდება. ორივე მატჩი ქუთაისში, 19:00 საათზე გაიმართება. რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში ხუთი ტურის შემდეგ 5 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.





