საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისრაელის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც თამაში შეაფასა.
"ერთი საათის განმავლობაში ბევრი დადებითი ასპექტი იყო ჩვენს თამაშში, მონდომებულები ვიყავით და კარგი ინტენსივობა გქვონდა, გაცილებით საინტერესოდ ვითამაშეთ, ვიდრე ბოლო 6 თვის განმავლობაში. თუმცა, შემდეგ თავი იჩინა დაღლილობამ, არ იყო საჭირო ყოველთვის სწრაფად თამაში, შეიძლებოდა ბურთის უფრო მეტად შენარჩუნება. თუმცა, ეს ამხანაგური თამაშია. ყურადღება არა შედეგზე, არამედ იმ დადებით ასპექტზე უნდა გავამხვილოთ, რაც გვქონდა. ბევრი ფეხბურთელისთვის ეს პირველი თამაში იყო, გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც გამოცდილება აკლიათ, მაგრამ ამხანაგური მატჩები ამისთვის არსებობს.
მამაგეიშვილს ყველაფერი აქვს, რომ მარჯვენა ფლანგზე თამაში შეძლოს. ვფიქრობ, მომავალშიც ვიხილავთ ამ პოზიციაზე.
როდესაც მეორე გოლი გავიტანეთ, ფეხბურთელებს მეტი სიმწიფის გამოჩენა მართებდათ, ვჩქარობდით, რაც მიკვირს, ამის საჭიროება არ იყო. შედეგი არაა სასიამოვნო, მაგრამ ისრაელი სუსტი გუნდი არაა, ეს არაერთხელ დაამტკიცა ძლიერ მეტოქეებთან. დადებითზე უნდა ვკონცენტრირდეთ, მაგრამ ფეხბურთელებთან ამაზეც ვისაუბრებთ და უარყოფით მხარეებზეც.
კიტეიშვილის შეცვლა მცირე ტრავმამ გამოიწვია, კუნთის პრობლემები ჰქონდა და არ გავრისკეთ. კიტეიშვილის და მექვაბიშვილის ტრავმების გამო ჩვენი გეგმები შეიცვალა, ამიტომ არ გამოვიყენე უფრო მეტი ცვლილება, თანაც, ორბურთიანი უპირატესობის განიავების შემდეგ შეიძლებოდა ცვლილებებს გუნდზე უარყოფითად ემოქმედა, არ მინდოდა, გავლენა ცუდად მომეხდინა. წინ მეორე თამაში გვაქვს და ყველა ფეხბურთელს მიეცემა თამაშის შანსი", - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მარტის სანაკრებო ფანჯარაში კიდევ ერთი სპარინგს გამართავს - 29 მარტს, კაუნასში, ლიეტუვის ნაკრებს ესტუმრება.





