ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე 2026 წლის ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი გულშემატკივრის ყურადღება მამაკაცთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ნიკა ეგაძესკენ არის მიმართული.
ქართველმა სპორტსმენმა მოკლე პროგრამაში იასპარეზა, მან პირველივე ოთხმაგი ნახტომი ვერ შეასრულა, რამაც პროგრამის ტექნიკურ ქულებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. მიუხედავად ამ რთული დასაწყისისა, ეგაძემ კონცენტრაცია ბოლომდე შეინარჩუნა და დარჩენილი ელემენტები სტაბილურად შეასრულა. საბოლოოდ, მსაჯებისგან 78.84 ქულა დაიმსახურა, რაც შუალედურ ცხრილში მე-15 პოზიციითვის გამოდგა საკმარისი.
ამ შედეგით ქართველი სპორტსმენი ინარჩუნებს შანსს, თავისუფალ პროგრამაში მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს მდგომარეობა. სწორედ ეს ეტაპია გადამწყვეტი -სუფთა და ძლიერი შესრულების შემთხვევაში პოზიციების მკვეთრი გაუმჯობესება სრულიად რეალურია, მით უმეტეს, რომ სხვაობები შუა ჯგუფში დიდი არ არის.
ეგაძე თავისუფალ პროგრამას 28 მარტს შეასრულებს. გამოსვლები 15:30 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება საერთო მდგომარეობას, მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერი ამერიკის წარმომადგენელი ილია მალინინია. ოლიმპიადაზე განცდილი კრახის შემდეგ მან შესანიშნავად იასპარეზა. უშეცდომო პროგრამა კი მსაჯებმა 111.29 ქულით შეუფასეს. მალინინს ფრანგი ადამ სიაო ჰიმ ფა და ესტონელი ალექსანდრ სელევკო მიყვებიან, რომლებიც მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტი ეტაპი წინ არის და მთავარი ინტრიგაც სწორედ თავისუფალ პროგრამაში გაიხსნება, სადაც თითოეულ შეცდომას ან იდეალურ შესრულებას საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი გავლენა ექნება.







