საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის პირველი მატჩი ჩაატარა და თბილისში ისრაელის ნაკრებთან ჩაატარა, რომელსაც დაუზავდა.
ვილი სანიოლმა 3-5-2 ტაქტიკური სქემა აირჩია და ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად სამი დებიუტანტი მოხვდა - მცველები ლუკა გადრანი და ილია ბერიაშვილი, ნახევარმცველი - გიზო მამაგეიშვილი.
პირველი ტაიმი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა, საგოლე მომენტები იშვიათად იქმნებოდა და ორივე გუნდს უჭირდა გააზრებული კომბინაციების გათამაშება. ნელი იყო თამაშის ტემპიც, შეხვედრას აშკარად ემჩნეოდა, რომ სპარინგის ხასიათის იყო.
თუმცა, ვილი სანიოლის გუნდმა ტაიმი მაინც მოიგო. 35-ე წუთზე ანგარიშის გახსნა ლუკა ლოჩოშვილს შეეძლო, რომლის თავური დარტყმის მერე ბურთი ხარიხას მოხვდა და სტუმრები გადარჩნენ, მაგრამ რამდენიმე წამით: შეტევა გაგრძელდა, რაც საბოლოოდ, ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტი დარტყმით დასრულდა და 1:0. ეს იყო კვარას 21-ე გოლი ეროვნულ ნაკრებში და პირველი, კაპიტნის სტატუსით. ისრაელს მალევე შეეძლო გათანაბრება, მაგრამ საქართველოს ნაკრები ბერიაშვილმა იხსნა და ტაიმი 1:0 დასრულდა.
მეორე ნახევარი ისრაელის ნაკრების კონტროლით დაიწყო, მაგრამ ხიფათის გარეშე. სამაგიეროდ, პირველივე სწრაფი კონტრშეტევა საქართველოს გოლით დასრულდა. 54-ე წუთზე კვარაცხელიამ ჩვეულ სტილში გაიტანა - მეკარისგან შორეულ კუთხეში ჩაახვია, ძალიან ლამაზი გოლი იყო. ეს მისი 22-ე გოლია ნაკრებში და მესამე დუბლი.
თუმცა, საქართველოს ნაკრებზე მეორე გოლმა, როგორც ჩანს, ძალიან ცუდად იმოქმედა. გუნდი მოდუნდა, დაცვაში უამრავი პრობლემა გამოჩნდა და ისრაელმა ძალიან სწრაფად გაათანაბრა. მე-60 წუთზე გაი მიზრაჰიმ დალაშქრა გიორგი მამარდაშვილის კარი, ხოლო სამ წუთში ომრი განდელმანმა სულაც წონასწორობა აღადგინა - 2:2.
ზოგადად, მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრებს მეტოქემ აშკარად აჯობა, ისრაელი დიდ უპირატესობას ფლობდა, საგოლე მომენტებიც შექმნა და გამარჯვებასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე საქართველო. სანიოლის გუნდი მხოლოდ კომპენსირებულ დროში იყო გოლთან ახლოს, როცა ჯერ გიორგი კვერნაძეს მცველმა დაუფარა დარტყმა, ხოლო შემდეგ გიზო მამაგეიშვილის შორეული გასროლა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. შედეგი შედეგად, მაგრამ სანიოლის გუნდის თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ნამდვილად ტოვებდა, ეს რბილად რომ ვთქვათ...
საქართველოს ნაკრების მარტის სანაკრებო პაუზაზე კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 29 მარტს, კაუნასში, ლიეტუვის ნაკრებს გაეჯიბრება.
საქართველო - ისრაელი 2:2 (1:0)
თბილისი, "მიხეილ მესხი"
საქართველო (3-5-2): მამარდაშვილი; გადრანი (კვერნაძე 74), ბერიაშვილი, ლოჩოშვილი; მამაგეიშვილი, კიტეიშვილი (დავითაშვილი 56), მექვაბიშვილი (მამუჩაშვილი 74), გაგნიძე, წიტაიშვილი; კვარაცხელია, მიქაუტაძე (გულიაშვილი 74)
გოლები: 1:0 კვარაცხელია (36), 2:0 კვარაცხელია (54), 2:1 მიზრაჰი (60), 2:2 განდელმანი (64)





