ფეხბურთი

2:17 | 27.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "მიხარია, როდესაც საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ, ჩემი ქვეყნისთვის"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისრაელის ნაკრებთან მატჩის (2:2) და დუბლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ბედნიერია, როცა საქართველოს ნაკრებში თამაშობს და ყოველთვის ცდილობს მაქსიმალურად დაიხარჯოს:

„ვფიქრობ, დადებითი ასპექტებიც დავინახეთ რაღაც მომენტებში, გავაგრძელებთ მუშაობას, დიდი დრო გვაქვს სექტემბრამდე, წინ დიდი დრო გვაქვს, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად ვემზადებით, რომ ნაკრებში მზად ვიყოთ, აქ ვიშრომოთ, ახალი რაღაცები დავამუშავოთ. იმედი მაქვს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მწვრთნელს და მთელ საქართველოს სურს.

რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ და მიხარია, როცა საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ, ჩემი ქვეყნისთვის. ჩემთვის ყოველი გოლი ემოციურია, იმის მიუხედავად, რომ ამხანაგური თამაში იყო, ნახეთ, როგორ მიხარია გოლის გატანა. გავაგრძელებ მუშაობას და ვეცდები უფრო დავეხმარო ნაკრებს, როგორც ოფიციალურ, ისე ამხანაგურ მატჩებში“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში 48 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი და ყველა დროის ბომბარდირებში მეორე ადგილზეა, გადაასწრო გიორგი მიქაუტაძეს (21 გოლი), ხოლო შოთა არველაძეს ოთხი გოლით ჩამორჩება.

საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანგურ მატჩს 29 მარტს, სტუმრად ლიეტუვის ნაკრებთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159172