საბა საზონოვი „ტორინოს“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ამის შესახებ ტურინული გამოცემა Tuttosport-ი იტყობინება.
საზონოვი „ტორინოს“ გეგმებში არ შედის, კონტრაქტი 30 ივნისს იწურება და შესაბამისად, გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. საბას „ტორონოში“ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მიმდინარე სეზონში სერია A-ს განაცხადშიც არ შეიყვანეს და საქმე ვერც მწვრთნელის ცვლილებამ გამოასწორა - ფაქტია, რომ მისი უთამაშებლობა კლუბის გადაწყვეტილებაა და არა პირადად მწვრთნელის.
საზონოვი „ტორინოს“ 2023 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ერთადერთხელ იყო. გასულ სეზონში ის „ტორინომ“ „ემპოლიში“ გაანათხოვრა, სადაც ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო, მთელი სეზონი გამოტოვა ისე, რომ „ემპოლის“ მაისურით ერთხელაც ვერ ითამაშა. გასულ ზაფხულს, საბა ახლოს იყო „ხეტაფეში“ გადასვლასთან, მაგრამ ეს გარიგებაც ჩაიშალა.
ამრიგად, უკვე ორი სეზონია, რაც საბა საზონოვს ფეხბურთი არ უთამაშია, თუ არ ჩავთვლით გასულ ზაფხულს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ევროპის ჩემპიონატს, სადაც გოლიც გაიტანა.





