რაგბი

0:41 | 28.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდე 7-კაცას დიმიტრი კიკნაძე და ლუკა ხეხელაშვილი გაუძღვებიან

საქართველოს 18-წლამდე 7-კაცა ნაკრებს დიმიტრი კიკნაძე და ლუკა ხეხელაშვილი გაუძღვებიან. მათ საუკეთესოდ უპასუხეს რაგბის კავშირის მიერ დადგენილ პირობებს და მთავარ მწვრთნელად კიკნაძე, ხოლო ასისტენტ მწვრთნელად ხეხელაშვილი დაინიშნენ.

საგულისხმოა, რომ საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გამოცხადებულმა სტაჟირების პროგრამამ დიდი ინტერესი გამოიწვია და საკონკურსო პროცესში 9 მწვრთნელმა მიიღო მონაწილეობა, რამაც მაღალი დონის კონკურენტული გარემო შექმნა.

თითოეული კანდიდატი შეფასდა, როგორც წარმოდგენილი დოკუმენტაციის (რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, ვიდეო მიმართვა), ასევე იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც განსაზღვრული იყო აღნიშნული პოზიციებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 7-კაცა რაგბის სპეციფიკაზე ორიენტირებულ სამუშაო გამოცდილებას, ანალიტიკურ უნარს, ეროვნული ნაკრების სათამაშო ფილოსოფიასთან შესაბამისობასა და გუნდის საერთო საჭიროებებს.

კანდიდატები იყვნენმოქმედი მწვრთნელები, რომელთაც გააჩნიათ მრავალფეროვანი პრაქტიკული (სამწვრთნელო) და სათამაშო გამოცდილება, მათ შორის საქართველოს ეროვნული 15-კაცა და 7-კაცა ნაკრებების დონეზე. ამან შერჩევის პროცესს დამატებითი სიღრმე და მნიშვნელობა შესძინა.

საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის თითოეულ კანდიდატს გამოჩენილი ინტერესისა და ჩართულობისთვის. განსაკუთრებით დასაფასებელია მათი მზადყოფნა, მოხალისეობრივად ჩართულიყვნენ პროგრამაში და საკუთარი გამოცდილება და ენერგია ქართული რაგბის განვითარებას მოახმარონ.

შერჩევის შედეგად საქართველოს 18-წლამდე 7-კაცა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დიმიტრი კიკნაძე დაინიშნა, ხოლო ასისტენტ მწვრთნელად - ლუკა ხეხელაშვილი.

დიმიტრი კიკნაძე

დიმიტრი კიკნაძე არის საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი. 2020 წლიდან იგი მუშაობდა ეროვნულ აკადემიაში სარაგბო უნარების მწვრთნელად, ასევე არის რაგბის კლუბ ‘ვეფხვების’ მთავარი მწვრთნელი. ფლობს მსოფლიო რაგბის სამწვრთნელო კვალიფიკაციებს, მათ შორის მე-2 დონეს 7-კაცა და მე-3 დონეს 15-კაცა მიმართულებებით.

ლუკა ხეხელაშვილი

ლუკა ხეხელაშვილი საქართველოს ღირსებას იცავდა როგორც 18-წლამდე, ასევე ეროვნული 7-კაცას შემადგენლობებში. ის ახლაც არის საქართველოს 7-კაცა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში.პარალელურად, სწავლობს საქართველოს სპორტის უნივერსიტეტში, სამწვრთნელო ფაკულტეტზე და ფლობს მსოფლიო რაგბის მე-2 დონის სერტიფიკატებს 15-კაცა და 7-კაცა მიმართულებებით.

საქართველოს რაგბის კავშირი წარმატებას უსურვებს შერჩეულ სამწვრთნელო გუნდს და დარწმუნებულია, რომ ისინი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ 18-წლამდე 7-კაცა პროგრამის განვითარებასა და მომავალი თაობების ჩამოყალიბებაში.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.199953