ანასტასია გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის შემდეგ, სადაც მე-10 ადგილი დაიკავა, კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, შეცდომების მიუხედავად, კმაყოფილი და ბედნიერია.
„ძალიან მიხარია, რომ სეზონი დასრულდა, ძალიან რთული და ემოციური იყო, მაგრამ დღეს პატარა შეცდომების მიუხედავად, ბედნიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დაღლილი ვიყავი, მაინც შევძელი კონცენტრირება და დღეს ჩემი მიზანი უბრალოდ სრიალი იყო, იმ პროგრამის შეგრძნება, რომლითაც ბოლოჯერ ვსრიალებდი, მინდოდა სიამოვნება მიმეღო და გამომივიდა კიდეც.
კიდევ ერთი სეზონით ვრჩები. ალბათ, ნაკლებად დატვირთული სეზონი მექნება - ყველა შეჯიბრზე არ წავალ. ჩემი ქორეოგრაფი, რა თქმა უნდა, ისევ ადამ სოლია იქნება“, - თქვა ანასტასიამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ, რითაც ისტორია კიდევ ერთხელ დაწერეს - ეს ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალია.
28 მარტს მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდება, სპორტულ ცეკვებში თავისუფალ პროგრამაში გლებ სმოლკინი და დიანა დევისი იასპარეზებენ.







