29 მარტს, საქართველოს ნაკრები წლის პირველი შეკრების მეორე ამხანაგურ მატჩს ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"რთული მატჩი გველის. გასვლაზე თამაში მარტივი არასდროს არის. ვეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, რომ ერთად გამოვასწოროთ ჩვენი თამაში. ეს ამხანაგური მატჩები კარგი შესაძლებლობაა კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი თამაში როგორც ტაქტიკურად, ისე მენტალურად და ფიზიკურად. შედარებით ახალგაზრდა გუნდი ვართ, ვიდრე ვიყავით და უფრო მეტად უნდა გავუგოთ ერთმანეთს, უკეთ შევთამაშდეთ. ამ მატჩებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სექტემბერს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ და კარგი თამაში ვაჩვენოთ.
რაც შეეხება "ლივერპული" -პსჟს დაპირისპირებას, ჩვენთვის ამ მატჩს რთულ გამოწვევად მივიჩნევ. მე და ხვიჩა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და არამარტო შესანიშნავი ფეხბურთელი, არამედ ძალიან კარგი ადამიანიცაა და მას ამ თამაშში პირად წარმატებას ვუსურვებ", განაცხადა მამარდაშვილმა.
ლიეტუვისა და საქართველოს ეროვნული გუნდების შეხვედრა 29 მარტს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.





