2026 წლის ფორმულა 1-ის იაპონიის გრან პრიც იტალიელი კიმი ანტონელის ტრიუმფით დასრულდა. სუზუკას ლეგენდარულ ტრეკზე, სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და გარდამტეხი ეტაპი შედგა, სადაც ახალგაზრდა ტალანტმა კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ანტონელიმ პოლ პოზიციიდან დაიწყო, თუმცა სტარტზე ცუდად გამოვიდა და მე-6 ადგილზე დაქვეითდა. მიუხედავად ამისა, მან რბოლა ტაქტიკურად იდეალურად წარმართა და საბოლოოდ მაინც მოიგო.
ეს ტრეკი ყოველთვის განსაკუთრებულ ისტორიებს წერს, გამონაკლისი არც 2026 წლის რბოლა იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რატომ ითვლება ის ფორმულა 1-ის საკულტო ეტაპად.
რბოლა დილის ტრადიციული ნერვული ატმოსფეროთი დაიწყო. სუზუკას სწრაფი მოსახვევები და შეცდომის მცირე მარჟა ყოველთვის აიძულებს პილოტებს, ზღვარზე იარონ. ანტონელის მაღალი პოზიციიდან სტარტის მიუხედავად, რბოლის საწყისი მისთვის იდეალური არ აღმოჩნდა. რამდენიმე მეტრში დაკარგული ტემპი საკმარისი იყო, რომ რამდენიმე პოზიციით უკან აღმოჩენილიყო. იმ მომენტში ოსკარ პიასტრი ლიდერობდა, რომელმაც პირველ წრეებში ტემპი შესანიშნავად აკონტროლა.
პირველი სტინტი თითქოს მიანიშნებდა, რომ რბოლა კლასიკური სცენარით წავიდოდა. ლიდერები პელოტონს თანდათან შორდებოდნენ, ხოლო საბურავების ცვეთა ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაქტორად იქცეოდა. მაგრამ სუზუკა იშვიათად იძლევა რბოლის ჩვეულებრივი სიმშვიდით ჩამთავრების შესაძლებლობას.
შუა ფაზაში მომხდარმა ინციდენტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ოლივერ ბერმანის ავარიის შემდეგ ტრასაზე სეიფთი ქარი გამოვიდა. ეს იყო ის მომენტი, რომელმაც რბოლის ბედი განსაზღვრა.

ანტონელიმ და მისმა გუნდმა სიტუაცია იდეალურად წაიკითხეს. მაშინ, როცა ზოგიერთი ლიდერი უკვე პიტ-სტოპიდან გამოსული იყო, ანტონელი ბოქსებში სწორ დროს შევიდა. სეიფთი ქარის პირობებში დაკარგული დრო მინიმუმამდე შემცირდა. როდესაც პელოტონი ხელახლა დალაგდა, მოულოდნელად სწორედ ის აღმოჩნდა საუკეთესო პოზიციაში.
რესტარტის შემდეგ უკვე სხვა სურათი ვიხილეთ. ანტონელი აღარ ჰგავდა იმ პილოტს, რომელმაც სტარტზე პოზიციები დაკარგა. კიმი ტემპს აკონტროლებდა, ზუსტად იცავდა საბურავებს და თანდათან ზრდიდა უპირატესობას. დისტანციის შენარჩუნებას შარლ ლეკლერი და ოსკარ პიასტრიც ცდილობდნენ, მაგრამ იტალიელის რიტმი აშკარად მიუწვდომელი იყო. კიმი ფინიშზე დაახლოებით 13 წამით უსწრებდა პიასტრის.

ახლა ანტონელი ჩემპიონატში 9 ქულით უსწრებს რასელს და 19 წლის, 6 თვისა და 28 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი - რეკორდი, რომელიც აქამდე ლუის ჰამილტონს ეკუთვნოდა 2007 წლიდან.
სუზუკას ბოლო წრეები ხშირად ფსიქოლოგიური გამოცდაა. ერთმა პატარა შეცდომამ შესაძლოა ყველაფერს დაასრულოს. მაგრამ ანტონელიმ მეტოქეებს არცერთი შანსი არ დაუტოვა. მისი ტრაექტორიები სუფთა იყო, ბალანსი - სტაბილური, ხოლო სიჩქარე - მუდმივად მაღალი. ფინიშის დროშამდე ის უკვე სრულ კონტროლში იყო.
ამ გამარჯვებამ არა მხოლოდ ერთი რბოლის შედეგი განსაზღვრა, არამედ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფორმულა 1-ში ახალგაზრდა პილოტების დომინაციას.

პოზიტიური იყო ეს ეტაპი მაკლარენისთვის. ორივე პილოტმა სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა. განსაკუთრებით რბოლის პირველ ნახევარში, როცა პიასტრი ლიდერობდა, აშკარად ჩანდა, რომ გამარჯვებისთვის იბრძოდა.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრძოლა პიასტრისა და რასელს შორის გაიმართა ბრიტანელმა პილოტმა შიკანაში გაუსწრო, მაგრამ პიასტრიმ პირდაპირ მონაკვეთზე კონტრშეტევა გააკეთა და ლიდერობა დაიბრუნა. ამ ეტაპზე მაკლარენი რეალურად ყველაზე სერიოზულ კონკურენციას უწევდა მერსედესს.
რაც შეეხება რასელს, ჯორჯი მიმდინარე სეზონში პირველად აღმოხნდა პოდიუმს მიღმა. მის ტიტულის ამბიციებს მცირე დარტყმა მიადგა, რადგან რბოლა მხოლოდ მეოთხე პოზიციაზე დაასრულა. თუმცა, ყველაფერი წინაა.

საბოლოოდ, იაპონიის გრან პრიზე ამ სპორტის მოყვარულებმა ყველაფერი იხილეს:
- წარუმატებელი სტარტი
- ტაქტიკური გენიალობა
- სეიფთი ქარის გადამწყვეტი გავლენა და ახალგაზრდა პილოტის ცივი გონება კრიტიკულ მომენტებში.
ანტონელის ისტორიული მიღწევა
ეს გამარჯვება განსაკუთრებული იყო ანტონელისთვის. ის ფორმულა 1-ის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა, რომელმაც ჩინეთის შემდეგ, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. მან მერსედესის დომინაცია სეზონის დასაწყისში კიდევ უფრო გაამყარა, მიუხედავად იმისა რომ დუბლი დღეს ვერ ვიხილეთ.
მერსედესი კონსტრუქტორთა ჩათვლაში მთავარ კონკურენტს, ფერარის უკვე 45 ქულით უსწრებს. შარლ ლეკლერსა და ლუის ჰემილტონს შორის დაძაბული ბრძოლა კვლავ გრძელდება: ამჯერად მესამე პოზიცია ლეკლერმა დაიკავა, ხოლო ლუისი მეექვსე იყო.
რაც შეეხება მაქს ფერსტაპენს, მისი ქომაგებისთვის კარგია ის, რომ ნიდერლანდელმა ამჯერად რბოლა ბოლომდე მიიყვანა. მიუხედავად ამისა, რედ ბულში მდგომარეობა რთულად გამოიყურება. გუნდი ფორმაში არ არის და ფერსტაპენი საკუთარ ბოლიდს აშკარად ვერ ერგება.
2026 წლის იაპონიის გრან პრი
1. კიმი ანტონელი მერსედესი - 25 ქულა
2. ოსკარ პიასტრი მაკლარენი -18 ქულა
3. შარლ ლეკლერი ფერარი - 15 ქულა
4. ჯორჯ რასელი მერსედესი - 12 ქულა
5. ლანდო ნორისი მაკლარენი - 10 ქულა
6. ლუის ჰემილტონი ფერარი - 8 ქულა
7. პიერ გასლი ალპინი - 6 ქულა
8. მაქს ფერსტაპენი რედ ბული - 4 ქულა
9. ლიამ ლოუსონი რეისინგ ბულსი - 2 ქულა
10. ესტებან ოკონი ჰაასი - 1 ქულა
საერთო ჩათვლა
1. კიმი ანტონელი - მერსედესი - 72 ქულა
2. ჯორჯ რასელი - მერსედესი - 63 ქულა
3. შარლ ლეკლერი - ფერარი - 49 ქულა
4. ლუის ჰემილტონი - ფერარი - 41 ქულა
5. ლანდო ნორისი - მაკლარენი - 25 ქულა
6. ოსკარ პიასტრი - მაკლარენი - 21 ქულა
7. ოლივერ ბერმანი - ჰაასი - 17 ქულა
8. პიერ გასლი - ალპინი - 15 ქულა
9. მაქს ფერსტაპენი - რედ ბული - 12 ქულა
10. ლიამ ლოუსონი - რეისინგ ბულსი - 10 ქულა
გეტყვით, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარების გამო, ფორმულა 1-ის აპრილში დაგეგმილი ბაჰრეინისა და საუდის არაბეთის გრან პრი აღარ ჩატარდება. ამ ცვლილების შედეგად, 2026 წლის სეზონში სულ 22 რბოლა გაიმართება. შემდეგი ეტაპი კი 1-3 მაისს მაიამიში გაიმართება.







