ფეხბურთი

18:50 | 29.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვასთან მოიგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მარტის ფანჯარაში მეორე სპარინგი ჩაატარა და სტუმრად ლიეტუვის ნაკრები 2:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში წინა შეხვედრასთან შედარებით ოთხი ცვლილება იყო, დაბრუნდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ეროვნულ გუნდში გასული წლის მარტის შემდეგ პირველად ითამაშა.

თუმცა, უცვლელი დარჩა ტაქტიკა და თამაშის ხარისხი: საქართველოს ნაკრებს ძალიან უჭირდა გააზრებული და ორგანიზებული ფეხბურთის თამაში. თუმცა, პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა მაინც შეეძლო. დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელიამ იაქტიურა საჯარიმოში, დარტყმა შეეძლო, მაგრამ პასის გაკეთება გადაწყვიტა და მომენტი გამოუყენებელი დარჩა. ყველაზე რეალური მომენტი 31-ე წუთზე შეიქმნა, როცა დაახლოებით 30 მეტრიდან კვარამ ჯარიმა დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

ლიეტუვა კონტრშეტევაზე თამაშს ცდილობდა და მეორე ტაიმის დასაწყისში, რომ არა გიორგი მამარდაშვილი, ანგარიშს მასპინძლები გახსნიდნენ, მაგრამ ქართველმა მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. მეორე ნახევარში საქართველოს თამაშში პრაქტიკულად არაფერი იყო, ისევ მხოლოდ ინდივიდუალური აქტივობები, რამაც შედეგი ერთხელ გამოიღო. 69-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძე, რომელიც მანამდე პრაქტიკულად უბურთოდ იყო, საჯარიმოში შეიჭრა, მცველმა წააქია და პენალტი. მიქაუტაძემ თავად შეასრულა თერთმეტმეტრიანი და ანგარიში გახსნა.

საქართველოს ნაკრებმა 84-ე წუთზე უპირატესობა გაზარდა: კარგი კომბინაციის შემდეგ ნიკა გაგნიძემ კართან თავისუფალი მიქაუტაძე შენიშნა, რომელმაც დაუცველ კარში გაიტანა და დუბლი შეასრულა - 0:2.

ეს გიორგის 22-ე და 23-ე გოლებია ეროვნულ ნაკრებში და ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ დაეწია, შემდეგ გადაასწრო, ხოლო ყველა დროის ბომბარდირ შოთა არველაძის რეკორდამდე კი მხოლოდ 3 გოლი რჩება. ჟორჟმა მესამედ დუბლი შეასრულა ნაკრებში, ერთხელ პოკერიც აქვს.

საქართველოს ნაკრებმა მარტის შეკრებაზე ორი ტესტ-მატჩი ჩაატარა, ლიეტუვამდე ისრაელთან თბილისში დაზავდა (2:2). მომდევნო შეხვედრა ვილი სანიოლის გუნდს 2 ივნისს, თბილისში, რუმინეთის ნაკრებთან ელოდება და იმავე ფანჯარაში კიდევ ერთი სპარინგი უნდა დაიგეგმოს, მაგრამ ჯერ მეტოქე უცნობია.

ლიეტუვა - საქართველო 0:2 (0:0)

კაუნასი, „დარიაუსი“

ლიეტუვა (3-4-2-1): გერტმონასი; არმალასი, უტკუსი, ტუტისკინასი (უპსტასი 89); შირვისი (ბალტრუნასი 89), ვორობიოვასი (მიხელბრინკი 62), გინეიტისი, ლასიჩკასი; სირგედასი (სესპლაუკასი 62), ბურბა (მიკულენასი 79); კუჩისი (დუბიჩკასი 62)

მწვრთნელი: ედგარას იანკაუსკასი

საქართველო (3-5-2): მამარდაშვილი; გადრანი (გოჩოლეიშვილი 85), ბერიაშვილი (გელაშვილი 64), დვალი (ლოჩოშვილი 75); მამაგეიშვილი, მექვაბიშვილი, ჩაკვეტაძე (ზივზივაძე 85), დავითაშვილი (გაგნიძე 75), აზაროვი (წიტაიშვილი 75); კვარაცხელია, მიქაუტაძე (კვერნაძე 85)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლი: 0:1 მიქაუტაძე (70), 0:2 მიქაუტაძე (84)

გაფრთხილება: ტიტისკინასი (30), სესპლაუკისი (68), შირვისი (69), გინეიტისი (79, 90) - მამაგეიშვილი (37)

გაძევება: გინეიტისი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (3) – 14 (5) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 7:4

მსაჯი: ვიტალის სპასიონიკოვსი (ლატვია)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092334