ლიეტუვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედგარას იანკაუსკასმა საქართველოს ნაკრებთან მარცხის (0:2) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და ხვიჩა კვარაცხელიაც გაანეიტრალეს, მაგრამ შეცდომები მაინც დაუშვეს, რის გამოც წააგეს:
„მთავარი ისაა, რომ ვერ მივაღწიეთ დადებით შედეგს. დღეს ძალიან ძლიერ გუნდთან ვითამაშეთ და არაფრით არ ჩამოვრჩით. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრები ტექნიკურია, ჰყავს მოთამაშეები, რომლებიც უფრო მაღალ დონეზე თამაშობენ და ეს განსხვავებას ქმნის და გადამწყვეტია. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რაც დღეს მოედანზე გავაკეთეთ - როგორ შევასრულეთ გეგმა, თამაშიდან გამოვთიშეთ მათი ყველაზე საშიში მოთამაშე, ჩვენი მებრძოლი სული, თავდადება - გამოსარჩევია. ვფიქრობ, რომ დღეს საკმარისი შანსი შევქმენით გოლის გასატანად, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეცდომებიც დავუშვით, რამაც გოლების გაშვება გამოიწვია.
ძალიან იმედგაცრუებული ვარ ასეთი პენალტის გამო. მაღალი დონის გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელიც სწრაფად გადადის შეტევაზე და სწრაფი მოთამაშეები ჰყავს. მოტივაციის გამო გადაჭარბებული მოქმედება განვახორციელეთ, ასეთ რისკზე წასვლა არ ღირდა, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი სურვილისა და დიდი ვნების გამო მოხდა. ზოგჯერ გული გონებას ამარცხებს. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოხდა, ვერაფერს შევცვლით.
სანაკრებო ფეხბურთში სიტყვა „ამხანაგური“ ნამდვილად არ არის შესაფერისი. ეს საკონტროლო მატჩი იყო, რადგან ნათლად ჩანდა, რისკენ ისწრაფოდა ორივე გუნდი. შედეგი მნიშვნელოვანი იყო როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის, დუელებში არავინ ზოგავდა თავს, ეს ტრავმის რისკებსაც შეიცავს, თუმცა, დღეს არავის დაუზოგავს თავი. ვნახეთ, რომ მათი ლიდერიც ძალიან უკმაყოფილო იყო. დღეს არცერთ კომპონენტში არაფერი დავთმეთ, რა თქმა უნდა, გოლები გავუშვით, პასუხისმგებლობას ვიღებთ მათზე, მაგრამ თავდადების, სურვილისა და თამაშის ხარისხის თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ კარგი მატჩი იყო.
კვარაცხელიას ხარისხისა და დონის გათვალისწინებით, მან ძალიან ცოტა შექმნა. ვფიქრობ, ისიც მეტს ელოდა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი გეგმა გვქონდა და შესანიშნავად გამოვიდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთი კაცისგან შემდგარი გუნდი არ არის. ემოციურად, მატჩის ბოლოს კვარაცხელია ცოტათი გაბრაზებული იყო, ჩვენს ფეხბურთელებთან და მსაჯთან კამათობდა. გასაკვირი არ იყო, რომ მან მთელი მატჩი ითამაშა - ყველამ ვიცოდით, როგორი სერია ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამ მატჩამდე - მათ ზედიზედ ხუთი მატჩი არ ჰქონდათ მოგებული, ამიტომ აშკარაა, რომ დაძაბულობა იგრძნობოდა და არავის უფიქრია ფეხბურთელების დაზოგვაზე. მათი მიზანი ნებისმიერ ფასად გამარჯვება იყო, რაც დავინახეთ“, - თქვა იანკაუსკასმა.
საქართველოს ნაკრებმა მარტის შეკრებაზე ორი ტესტ-მატჩი ჩაატარა, ლიეტუვამდე ისრაელთან თბილისში დაზავდა (2:2). მომდევნო შეხვედრა ვილი სანიოლის გუნდს 2 ივნისს, თბილისში, რუმინეთის ნაკრებთან ელოდება და იმავე ფანჯარაში კიდევ ერთი სპარინგი უნდა დაიგეგმოს, მაგრამ ჯერ მეტოქე უცნობია.





