NBA-ს მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, საიდანაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება კანადაში შედგა, სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსმა" საკუთარ დარბაზში გოგა ბითაძის "ორლანდო" მეჯიქს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით 139:87 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მხარეს ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.
"ტორონტომ" მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყო და პირველ მეოთხედში 18-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვეს. მათ მეტოქეს ყველა პერიოდში მოუგეს და გამარჯვება ეჭვქვეშ არცერთი წამით არ დაუყენებიათ. კანადელთა მხრიდან გამორჩეული იყო სკოტ ბარნესი, რომელმაც შეხვედრა 23 ქულით 5 მოხსნითა და 15 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი მაგარი მატჩი ჩაატარა, ქართველმა პარკეტზე 21:19 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულას, 4 მოხსნას და 3 ჩაჭრას მოუყარა თავი. სანდრო მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა, როდესაც ის პარკეტზე იყო მისი გუნდი "ტორონტომ" მეტოქე გუნდზე 47-ით მეტი ქულა ჩააგდო.
რაც შეეხება გოგა ბითაძეს, მას დღევანდელ შეხვედრაში სათამაშოდ 10:11 წუთი ერგო და ხსენებულ დროში 6 ქულა და 4 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 42 მოგებითა და 32 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო გოგა ბითაძის "ორლანდო" მე-8 პოზიციაზეა, მათი ბალანსი 39 მოგება და 35 მარცხია.







