საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
მის გარდა, ისაუბრეს ფეხბურთეელბმა, ლუკა პარკაძემ და ნიკოლოზ დადიანმა:
რამაზ სვანაძე: „ხვალინდელი თამაშისგან ველოდები, რომ ჩემი გუნდი იქნება ბევრად აგრესიული, კონცენტრირებული, არ იქნება ის ხარვეზები, რომლებიც ლატვიასთან თამაშში გვქონდა. აუცილებლად ვეცდებით იმ პოზიტივის გამოყენებას, რომელიც გვქონდა ლატვიასთან გაშვებული გოლის შემდეგ. ბევრს ჰგონია, რომ მარტივია ის ყველაფერი, რაც მეორე ტაიმში ხდებოდა, თუმცა ძალიან კარგად ვიცი, თუ რა ძნელია 10 ფეხბურთელით თამაშის გადარჩენა, არა მარტო გადარჩენა, არამედ თამაშის ხარისხზე მაქვს საუბარი, ის დომინაცია, რომელიც გვქონდა. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ის შეცდომები, რომლებიც დავუშვით ლატვიასთან, აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რომელსაც ამ დღეებში ყურადღება დავუთმეთ და იმედი მაქვს, ხვალ ეს ყველაფერი გამოსწორებული იქნება. სამწუხაროდ, დანაკლისს ისევ ვერ ავცდით: ტრავმის გამო ბუკია დაგვაკლდება, დისკვალიფიკაციის გამო კი გვასალია და ტაბატაძე. თუმცა, არიან გუნდში ფეხბურთელები, რომლებიც შანსს მიიღებენ და უნდა ეცადონ, რომ ეს შანსი გამოიყენონ“.
ლუკა პარკაძე: „სამწუხაროა, რომ ლატვიასთან ვერ მოვიგეთ. 10 კაცით დავრჩით, რაც გადამწყვეტი ფაქტორი იყო. აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მალტასთან მოვიგოთ და ეს შეკრება ჩვენს სასიკეთოდ დასრულდეს“.
ნიკოლოზ დადიანი: „განვიხილეთ წინა თამაში, როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მომენტები. თითოეული ფეხბურთელი 100%-ით მზადაა. მალტის ნაკრებიც შევისწავლეთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გულშემატკივარს სანახაობა მოვუწყოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ“.
შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 6 ქულით ჯგუფში მეოთხე პოზიციას იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 31 მარტს, ქუთაისში, 19:00 საათზე, მალტასთან ჩაატარებს.





