მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური შვედეთის და თურქეთის ნაკრებებმა მოიპოვეს.
შვედეთმა შესარჩევი ეტაპი კატასტროფულად ჩაატარა, მაგრამ ერთა ლიგის წყალობით შანსი პლეი-ოფში მიიღო, რომელიც იდეალურად გამოიყენა. ჯერ ნახევარფინალში უკრაინა დაამარცხა, ახლა კი ფინალი პოლონეთს მოუგო.
ენტონი ელანგას გოლით შვედები სწრაფად დაწინაურდნენ, რასაც ნიკოლა ჟალევსკიმ მალევე უპასუხა. პირველი ტაიმის მიწურულს გუსტაფ ლაგერბიელკემ შვედეთი მეორედ გაიყვანა წინ. 55-ე წუთზე კაროლ სვიდერსკიმ გაათანაბრა და ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ 88-ე წუთზე ვიქტორ გიოკერეშმა შვედეთს 3:2 მოაგებინა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა.
შვედეთი მე-13-ედ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე, 2018 წლის შემდეგ პირველად. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს შვედეთი პლეი-ოფის ფინალში სწორედ პოლონეთთან დამარცხდა და რევანში აიღო. შვედეთი ჯგუფში ნიდერლანდებს, იაპონიასა და ტუნისს გაეჯიბრება.
თურქეთის ნაკრებმა კოსოვოს ნაკრებს პრიშტინაში დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 აჯობა. მეორე ტაიმის დასაწყისში კერემ აკტურკოღლუმ გაიტანა გოლი, რომელმაც ყველაფერი გადაწყვიტა.
თურქეთის ნაკრები ისტორიაში მესამედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 2002 წლის შემდეგ პირველად, როცა მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა.
თურქეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიას, პარაგვაის და აშშ-ს დაუპირისპირდება.







