ფეხბურთი

2:01 | 1.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მესამედ მუნდიალის გარეშე: იტალიის ნაკრების უდიდესი ფიასკო

ბოსნიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზეა, იტალიის ნაკრებში ისევ სახლში.

დიახ, „სკუადრა აძურამ“ მოახერხა და, მუნდიალზე ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა, რაც სრული კატასტროფაა ასეთი საფეხბურთო ქვეყნისთვის.

იტალიის ნაკრები პლეი-ოფის ფინალში ბოსნიასთან გასვლაზე მე-15 წუთზე მოიზე კინის შესანიშნავი გოლით დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, რაც ლოგიკური და სამართლიანია, რადგან შემდეგ საერთოდ არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ მოეგო და ვერც მოიგო.

42-ე წუთზე უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის ალესანდრო ბასტონი გააძევეს, 10 კაცით დარჩენილ იტალიას კი ჯოჯოხეთური წუთების გავლა მოუწია. ჯენარო გატუზოს გუნდი საჯარიმოდან დიდი ხანი ვერ გამოდიოდა და შტურმმა შედეგი გამოიღო: 79-ე წუთზე ჰარის ტაბაკოვიჩმა გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.

არადა, იტალიას მანამდე მაგარი შანსი ჰქონდა მეორე გოლისთვის, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა კინმა საშინლად დაარტყა. შეიძლება ითქვას, ყველაფერი იქ გადაწყდა.

მატჩი საბოლოოდ, 1:1 დასრულდა, დამატებით დროსაც არაფერი შეუცვლია. პენალტების სერიაში ბოსნიამ 4:1 გაიმარჯვა და მუნდიალზე ისტორიაში მეორედ გავიდა, სადაც კატარს, კანადასა და შვეიცარიას დაუპირისპირდება.

იტალიის ნაკრები მუნდიალზე უკვე 12 წელია ვერ გადის, მინიმუმ 4 წელი კიდევ მოცდა მოუწევს, მაგრამ გარანტია იმისა, რომ 2030 წელს მუნდიალზე იქნება, რა თქმა უნდა, არ არსებობს.

ბოსნია - იტალია 1:1 (0:1) პენ: 4:1

გოლები: 0:1 კინი (15), 1:1 ტაბაკოვიჩი (79)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087077