საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტა 4:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ გაბრიელ სიგუამ, რომელმაც დუბლი შეასრულა და ალექსანდრე ნარიმანიძემ, რომელმაც გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთეს.
გაბრიელ სიგუა: "კარგად ვიბრძოლეთ. ამ თამაშში გამოჩნდა 11 კაცით როგორ შეგვიძლია თამაში. მთავარია მონდომება, არ აქვს მნიშვნელობა ჯგუფში რომელ ადგილზე ვართ, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ, გულშემატკივარი უნდა გავახაროთ და ქვეყნისთვის მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ".
ალექსანდრე ნარიმანიძე: "დასანანია, რომ გოლი გავუშვით, მაგრამ მთავარია, მოვიგეთ და კარგი შედეგი დავაფიქსრეთ. გოლით გახარებული ვარ, მაგრამ პირველ რიგში გამარჯვებით".
F ჯგუფში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 9 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 სექტემბერს, საბერძნეთის ახალგაზრდულ ნაკრებს შინ დაუპირისპირდება.





