ფეხბურთი

17:33 | 1.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

როგორ, რატომ და როდემდე?
იტალიის ნაკრები, რომელიც აწგარდაცვლილი იტალიური ფეხბურთის სარკეა

"იუვენტუსი იტალიის ნაკრების საზომია. როცა იუვენტუსი ცუდია, ნაკრებიც ასეთია და პირიქით".

ეს სიტყვები ჯერ კიდევ მატჩამდე ბოსნიელმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა თქვა და ბოსნიელი კაცი რომ ხვდება ამას, იტალიელი კი ვერ, ზუსტად მაგიტომ არიან ქვესკნელში.

არ მახსოვს იტალიას რაიმე სერიოზულისთვის მიეღწიოს, მისი ბირთვი (ლიდერები და ნახევარზე მეტი კონტიგენტი) თუ იუვენტუსს და მილანს არ წარმოადგენს. ინტერი იტალიის ნაკრებისთვის არასდროს ყოფილა საბაზისო გუნდი და როცა იდენტობას კარგავ, შენივე მავთულხლართებში ებმები და ზუსტად იქ იქნები, სადაც ხარ - ფსკერზე.

ეს ერთი. მეორე: რანაირად, როგორ შეიძლება, რომ იტალიაში არ არსებობდეს, არ იზრდებოდეს ფეხბურთელი, რომელიც 90 წუთში ერთხელ მაინც მოატყუებს მეტოქეს? რანაირად? ასეთი უფანტაზიო ფეხბურთელები რომელ სექტორში ან რა სისტემაში იზრდებიან?

ბოსნიამ ორივე ფლანგიდან აიკლო 120 წუთის განმავლობაში იტალია, როცა იტალიას არ ჰყავდა 1 ფეხბურთელიც კი, რომელიც თუნდაც ერთ დრიბლინგს გააკეთებდა და შეტევაში უპირატესობას შექნიდა. მოიზე კინს მეორე გოლი რომ გაეტანა, ალბათ, იტალია გავიდოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე და არც არავინ ილაპარაკებდა ამ დრამაზე, მაგრამ ფაქტი სხვაგვარია და ვერც გასვლა შეცვლიდა რეალურ პრობლემებს - უბრალოდ დროებით საბანს გადააფარებდა.

რა არის ფეხბურთი? როგორ შეიძლება გუნდმა რაიმეს მიაღწიოს შემოქმედებითი ფეხბურთელის გარეშე. ტოტის, დელ პიეროს და ბაჯოს არც ვახსენებ: სინიორის, ძოლას, კიეზების, კასანოს, ინსინიეს, დი ნატალეს ქვეყანაში რანაირად არ არსებობს ფრანჩესკო კოცას დონის ტექნიკური უნარების მქონე ფეხბურთელი?! ამიტომაც იყო, რომ როცა ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელია ნახეს, ყველა იტალიელი აღტაცებული საუბრობდა - იტალიაში აღარ არსებობენ მომტყუებელი, შემოქმედებითი ფეხბურთელები - მხოლოდ დაპროგრამებული (ისიც ცუდად) ფეხბურთელები ჰყავთ, ფანტაზიის გარეშე.

როგორ შეიძლება იტალიის ნაკრების მცველმა არ იცოდეს დაცვა, თავისი პირდაპირი მოვალეობა, არ იცოდეს მეტოქის მეურვეობა, არ იცოდეს, კონტაქტური თამაში? ნესტა-კანავარო, მალდინი-კიელინის ქვეყანაში, როგორ შეიძლება ასეთი მცველები გყავდეს? ბასტონი თითქოს ნორმალური მცველია, მაგრამ იტალიის ნაკრებში ყოველთვის სერიოზული ჩავარდნები აქვს. ბასტონი არის მცველი, რომელსაც მხოლოდ 3-მცველიან სქემაში, მარცხენა ცენტრალურ მცველად თამაში შეუძლია (გატუზო მას სამ კაცში ცენტრში იყენებდა, რაც კიდევ ერთი უდიდესი შეცდომაა) და 4-კაციან დაცვაში მისი თამაში არც არავის უნახავს, ან თუ ყოფილა ასეთი შემთხვევა, ყოველთვის კრახით დასრულებულა. და, ეს არის მაღალი დონის მცველი? რომელსაც მხოლოდ ერთ კონკრეტულ სქემაში თამაში შეუძლია როგორ უნდა დაეცე ამ დონემდე მალდინის, ბარეზის, ნესტას, კანავაროს, კიელინის ქვეყანაში?

როგორ შეიძლება, რომ იტალია იყოს ერთადერთი ქვეყანა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს არასდროს ენდობიან, არცერთ იტალიურ გუნდში. მაშინ, როცა ყველა განვითარებად საფეხბურთო ქვეყანაში ამინდს ახალგაზრდები ქმნიან, 18-19 ან 20 წლის ბიჭები. იტალიაში კი, 24-25 წლის ფეხბურთელიც კი ახალგაზრდად მიაჩნიათ. შორს არ წავიდეთ: დორტმუნდში თამაშობს 18 წლის მცველი ლუკა რეჯანი, რომელიც ნელ-ნელა გერმანული გუნდის ძირითად შემადგენლობას უშინაურდება, ბუნდესლიგაში ცოტა ხნის წინ გოლიც გაიტანა. თქვენი აზრით, რეჯანი იტალიის ნაკრებში გამოიძახეს? კი, ოღონდ 19-წლამდელებში! კი, ფეხბურთელი, რომელიც დორტმუნდში თამაშობს, იტალიის არათუ ეროვნულ, 21-წლამდელთა ნაკრებშიც ვერ მოხვდა - ფიქრობენ, რომ ჯერ მზად არ არის, 4-5 წელი კიდევ სჭირდება...

როგორ შეიძლება მწვრთნელების სამჭედლო ქვეყანაში, გატუზოს გარდა, არავის უნდოდეს თავისი ქვეყნის ნაკრებში მუშაობა. ან როგორ შეილება 120 წუთი პენალტებს ელოდებოდე მწვრთნელი და ყველა პენალტისტი მოედნიდან გაიყვანო, მოედანზე არ გამოიყვანო არავინ, ვისაც პენალტი ერთხელ, ვარჯიშზე მაინც დაურტყამს? ცალკე საკითხია 3-მცველიანი სქემა, რომელსაც იტალიის ნაკრები იყენებს და თითქმის ყველა წამყვანი იტალიური გუნდი (იუვენტუსის გარდა, ისიც ლუჩანო სპალეტის დანიშვნის შემდეგ). გინახავთ გუნდი ან ნაკრები, რომელმაც ძალიან დიდ წარმატებას 3 მცველით (გნებავთ 5) მიაღწია? იშვიათია. ყოველ შემთხვევაში, ერთჯერად გამონაკლისად შეიძლება, სისტემურად ეს წამგებიანი სქემაა, დამარცხებულის მენტალიტეტის მატარებელი.

იტალიამ ბოსნიასთან თამაში დაწყებამდე წააგო. „არ ვიცი, რატომ უნდა ეშინოდეს იტალიას უელსის ან ბოსნიის, მაგრამ ფაქტია, ეშინია“, - თქვა მატჩამდე ედინ ჯეკომ, რომელიც 9 წელი იტალიაში თამაშობდა და იქაურობას ხუთი თითივით იცნობს. ჯეკოს ეს სიტყვები განპირობებული იყო ვიდეოთი, რომელშიც ჩანდა, როგორ ზეიმობდნენ ინტერის ფეხბურთელები ფედერიკო დიმარკო და ფრანჩესკო პიო ესპოზიტო უელსთან ბოსნიის გამარჯვებას. ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებდა: იტალიას კარდიფში, გიჟურ ბრიტანულ გარემოში თამაშის ეშინოდა და ერჩივნა ბოსნიაში 8 ათასიან სტადიონზე ეთამაშა. თუმცა, ეს წაგებულის მენტალიტეტია და არსებობს კარმა: გასაკვირი არაა, რომ დიმარკოს კატასტროფული თამაში ჰქონდა, გოლიც მისი ფლანგიდან ჩაწოდებას მოჰყვა, ესპოზიტომ პენალტი საშინლად დაარტყა, ხოლო ალესანდრო ბასტონი გააძევეს. ის ბასტონი, რომელიც ერთი თვის წინ აშკარა სიმულაციის შემდეგ იუვენტუსის მცველის - პიერ კალულუს გაძევებას ზეიმობდა, ისე, თითქოს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბოლო წუთზე გადამწყვეტი გოლი გაეტანოს... დიახ, არსებობს რაღაც სამყაროში, რაც უკან გიბრუნდება. ბასტონის მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლი კი არა, იქ წუთიც არ აქვს ნათამაშები და დიდი შანსია, ვერც ვერასდროს ითამაშოს.

როგორ შეიძლება იტალია მესამედ ვერ გადიოდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე და მხოლოდ ფორმატს, ფიფას, უეფას, ბედს, ამინდს, გეოპოლიტიკურ ვითარებას, დიპსტეიტს და ათას რამეს აბრალებდე, გარდა საკუთარი თავისა? კი, დამნაშავედ თავს არავინ გრძნობს - არც ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა, რომლის პერიოდში იტალია უკვე ზედიზედ მეორედ ვერ გავიდა მუნდიალზე. მან მატჩის მერე პირდაპირ თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს და მეტიც, ჯენარო გატუზოს დარჩენა სთხოვა. მგონია, რომ მთელ იტალიას დასცინა და ეს განცხადება უფრო სავალალო იყო, ვიდრე უშუალოდ სპორტული შედეგი.

როგორ შეიძლება, რობერტო ბაჯოს, რომელმაც ჯერ კიდევ 2011 წელს 90-გვერდიანი რეფორმა დაწერა იტალიური ფეხბურთის განსავითარებლად, რომლის მიხედვით ყველაფერი ძირიდან, ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დაეწყოთ, არც კი მოუსმინო, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელს ყურიც არ ათხოვო, ფეხებზე დაიკიდო და იქამდე მიიყვანო, რომ სამსახურიდან თვითონ წასულიყო?

როგორ შეიძლება შენი საუკეთესო კლუბები დასაჯო დაუსაბუთებლად. ყველაფერი კალჩოპოლის სკანდალიდან დაიწყო და სულაც არაა შემთხვევითობა, რომ ზუსტად მას შემდეგ იტალიას მუნდიალის პლეი-ოფში არ უთამაშია. მაშინ, ყველაზე მეტად იუვენტუსი დასაჯეს, გუნდი, რომლის 9 ფეხბურთელი იმავე ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მოედანზე იყო. წარმოიდგინეთ, რა დონის გუნდზე ვსაუბრობთ. დასაჯეს მილანიც, ლაციოც, ფიორენტინაც. ერთადერთი, ვინც წყლიდან სუფთა ამოვიდა ინტერი იყო - რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია, რაზეც ბევრი ფაქტი მოწმობს და ამაზე საუბარი სხვაგან, თან ძალიან შორს წაგვიყვანს.

როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში მხოლოდ ორ გუნდს ჰქონდეს თავისი სტადიონი (იუვე და უდინეზე) და დანარჩენები, ლამის საუკუნოვან სტადიონებზე თამაშობდნენ, იქ, სადაც თავმოყვარე ადამიანი არც სათამაშოდ გავა და ალბათ, არც მატჩის საყურებლად. როგორ შეიძლება ყველაფერი ფეხებზე დაიკიდო? ინფრასტრუქტურიდან დაწყებული ტალანტების გაზრდით დამთავრებული.

როგორ შეიძლება იუვენტუსში 5 იტალიელი თამაშობდეს და ყველა ერთმანეთზე უარესი, მილანში მგონი ერთი ან ორი, რომაში ორი თუ სამი. როგორ შეიძლება მილანის კაპიტანი იყოს ფრანგი მეკარე ან იუვენტუსის ლოკატელი? და, როგორ შეიძლება იტალიის ნაკრებს დონარუმა კაპიტნობდეს? 14-წლამდე ბავშვთა გუნდის ნებისმიერი მეკარე შეიყვანს კარიდან ბურთს თამაშში იმაზე უკეთ, ვიდრე ამას გუშინ დონარუმა აკეთებდა, მთელი თამაშის განმავლობაში (მინიმუმ 7 დავთვალე, როცა ბურთმა ცენტრამდეც ვერ მიაღწია) და ზუსტად ერთ-ერთს მოჰყვა წითელი ბარათი.

როგორ შეიძლება იტალიის ნაკრებს 3-4 კარგი ფეხბურთელი ჰყავდეს (კარგი და არა განსაკუთრებული) - ტონალი, კინი, კალაფიორი, დიმარკო, დონარუმა (თუ ბურთს ფეხით არ შეეხება) და კიეზა, რომელიც ორი წელია უბრალოდ აღარ არსებობს. და სხვები ვინ არიან, რომელ თავმოყვარე ნაკრებში მოხვდებოდნენ?

რამდენი როგორ და რატომ.

სირცხვილს სცდება იტალიის ნაკრების და იტალიური ფეხბურთის ამბავი.

ამასობაში, იტალიური სპორტი ანომალური ფაქტების წინაშეა: მაშინ, როცა ფეხბურთში ზედიზედ მესამედ ტოვებენ მუნდიალს, სხვა სპორტებში არანორმალური შედეგები აქვთ: იტალიელი იგებს უიმბლდონს და მსოფლიოში პირველი ჩოგანია. იტალიელი იგებს ოლიმპიადაზე 100-მეტრიან სპრინტს, იტალიელი იგებს ფ1-ში ზედიზედ ორ გრან პრის, რაგბის ნაკრებმა ექვს ერში ორი თამაში მოიგო და აშკარა პროგრესს განიცდის. იტალიელებმა ბოლო ზაფხულის და ზამთრის ოლიმპიადებზე მათთვის რეკორდული რაოდენობის მედლები მოიპოვეს. მოკლედ, ყველა სპორტში განვითარდნენ, გარდა მთავარისა...

და კიდევ: არ მესმის იმ გულშემატკივრების, რომლებიც მუნდიალს მიღმა (ზედიზედ მესამედ) იტალიის ნაკრების დარჩენას ზეიმობენ ან უხარიათ. მუნდიალზე, სადაც გველოდება ერაყი, ჰაიტი, კაპო ვერდე, კურასაო, უზბეკეთი, იორდანია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და კიდევ ათასი რამ. მუნდიალზე, სადაც ხარისხს რაოდენობა აჯობებს. კი, ეს საუკეთესო იტალია არ არის, მაგრამ იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე სხვა ხიბლი რომ არის, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? თუნდაც სუსტი და დაჩაჩანაკებული იტალია? უცნაურია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101764