ფეხბურთი

18:59 | 1.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური ფაქტი: იტალიის ნაკრები პენალტებში პენალტისტების გარეშე

იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ზედიზედ მესამედ ვერ შეძლო, პლეი-ოფის ფინალი ბოსნიის ნაკრებთან პენალტების სერიაში წააგო.

42-ე წუთზე იტალია მოედანზე 10 კაცით დარჩა ალესანდრო ბასტონის გაძევების შემდეგ და სანამ გოლს გაუშვებდა (79-ე წუთზე), ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდა (1:0), ხოლო 1:1-ის შემდეგ ჯენარო გატუზოს გუნდი ყველანაირად ლამობდა პენალტების სერიამდე მისვლას. ეს უცნაურია, რადგან იტალიის ნაკრებში მოედანზე პენალტისტები არ იყვნენ.

ვისაც პენალტის დარტყმა შეეძლო: მოიზე კინი, მატეო რეტეგი, ფედერიკო დიმარკო, მანუელ ლოკატელი და მატეო პოლიტანო - გატუზომ ყველა შეცვალა. საბოლოოდ, პენალტების სერიის წინ მოედანზე შემდეგი 10 ფეხბურთელი იყო: დონარუმა, მანჩინი, გატი, კალაფიორი, პალესტრა, ფრატეზი, კრისტანტე, ტონალი, სპინაცოლა, ესპოზიტო - არცერთ მათგანს სერია A-ში ერთი პენალტი არ გაუტანია, არასდროს!

ფრანჩესკო პიო ესპოზიტომ გასულ სეზონში ორი პენალტი დაარტყა და 1 გაიტანა, ოღონდ ეს იყო რანგით მეორე ლიგაში - სერია B-ში. ბრაიან კრისტანტეს სერია A-ში 2 პენალტი დაურტყამს და ვერცერთი გაუტანია (2018 წელს „ატალანტაში“ და 2023 წელს „რომაში“). ლოგიკურია, რომ ორივემ ბოსნიასთან პენალტი ვერ გაიტანა.

ერთადერთი, ვინც სერიაში იტალიელთაგან პენალტი გაიტანა, სანდრო ტონალია, მაგრამ მასაც არ დაურტყამს პენალტი მანამდე არც სერია A-ში და არც პრემიერლიგაში. სპინაცოლას, ფრატეზის, გატის, მანჩინის, კალაფიორის და პალესტრას კი, კარიერაში პენალტი არ შეუსრულებიათ.

და, სრულიად ლოგიკურია, რომ იტალიის ნაკრებმა პენალტების სერია 1:4 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087884