იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯანლუიჯი დონარუმამ ბოსნიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში ღია წერილი გამოაქვეყნა.
დონარუმა წერს, რომ კიდევ ერთხელ უნდა წამოდგნენ ფეხზე, რათა იტალია იქ დააბრუნონ, სადაც ყოფნას იმსახურებს.
„გუშინ ღამით, მატჩის შემდეგ, ვიტირე. ვიტირე იმ იმედგაცრუების გამო, რომ იტალია ვერ მივიყვანე იქ, სადაც ის იმსახურებს. ვიტირე იმ უზარმაზარი მწუხარების გამო, რომელსაც ვგრძნობ მთელ გუნდთან ერთად, რომლის კაპიტნობითაც ვამაყობ და ვიცი, რომ თქვენც, ჩვენი ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები, ამას გრძნობთ.
მართალია, სიტყვებს ახლა ცოტა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ერთ რამეს ძლიერად ვგრძნობ და მინდა თქვენ გაგიზიაროთ: ასეთი დიდი იმედგაცრუების შემდეგ, უნდა ვიპოვოთ გამბედაობა, რომ კიდევ ერთხელ გადავშალოთ გვერდი. ამისთვის კი დიდი ძალა, ვნება და რწმენაა საჭირო. ყოველთვის გჯეროდეთ. ეს არის წინსვლის მამოძრავებელი ძალა. რადგან ცხოვრება აჯილდოებს მათ, ვინც ყველაფერს გასცემს, უკან დახევის გარეშე. და სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ თავიდან. ერთად, კიდევ ერთხელ, რათა იტალია იქ დავაბრუნოთ, სადაც ყოფნას იმსახურებს“, - დაწერა დონარუმამ.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები პლეი-ოფის ფინალში ბოსნიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა და მუნდიალზე ზედიზედ მესამედ ვერ მოხვდა.







