რაგბი ევროპის ორგანიზებით, იტალიის ქალაქ პარმაში, 27-29 მარტს 7-კაცასა და 7-ქალას ფიზ. მომზადების მწვრთნელებისთვის სპეციალური სასწავლო კურსი ჩატარდა.
ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც რაგბი ევროპის ეგიდით 7-კაცას სპეციალიზირებული სწავლება გაიმართა. სასიამოვნოა, რომ მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოს 15 და 7-ქალა ეროვნული ნაკრებების მწვრთნელი, მსოფლიო რაგბის ფიზ. მომზადების ტრენერი გიორგი მაისურაძე იყო. სასწავლო კურსში მონაწილეობდნენ საქართველოს 7-კაცას ფიზ. მომზადების მწვრთნელი გიორგი ჭუაძე და საქართველოს 7-ქალას ფიზ. მომზადების მწვრთნელი ქეთი მოდებაძე.
აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს ევროპის 7-კაცა ნაკრებების ფიზ. მომზადების მწვრთნელების პროფესიულ განვითარებას, ცოდნის ამაღლებას და თანამედროვე მეთოდოლოგიების გაზიარებას. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას და ის მხოლოდ 3-დღიანი სემინარებით არ შემოიფარგლება.
რაგბი ევროპის ტრენერი და ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი მაისურაძე კურსის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ამბობს:
„სემინარში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 5 ტრენერი და 15 მწვრთნელი მონაწილეობდა. ის მიმართული იყო 7-კაცას სპეციფიკაზე. ფიზ. მომზადების მწვრთნელებს გავაცანით სიახლეები, ახალი მეთოდოლოგიები და შევასწავლეთ პრაქტიკული უნარები“.
„გავეცანით იტალიის 20-წლამდელთა ნაკრების მზადების პროცესს, რომელიც საქართველოში გასამართი მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება. ამ გუნდის ფიზიკური მომზადებისა და შესრულების დირექტორმა გაგვაცნო გეგმა, რომლის მიხედვითაც ის ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მუშაობს“.
„დავესწარით გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის ტურის შეხვედრას ‘ძებრესა’ და ‘ალსთერს’ შორის. ორივე ამ გუნდის ფიზ. მომზადების მწვრთნელთან გვქონდა შეხვედრა. მათ გაგვაცნეს თავიანთი სამუშაო განრიგი: როგორ ემზადებიან სეზონისთვის, კვირიდან კვირამდე, რა პერიოდში რას და როგორ აქცევენ ყურადღებას. ყოველთვის საინტერესოა, როდესაც ასეთი პროფესიონალური გუნდების სამზარეულოში იხედები. ბევრი საინტერესო დეტალი ჩავინიშნე, რისი გადმოტანაც ჩვენს რეალობაში შეიძლება“.
როგორია მსმენელების შთაბეჭდილებები?
გიორგი ჭუაძე: „რაგბის ევროპის სხვადასხვა დივიზიონის 7-კაცას ფიზ. მომზადების მწვრთნელებს, ნაკრები გუნდებისა და პროფესიული კლუბების ფიზ. მომზადების მწვრთნელებმა ჩაგვიტარეს მასტერკლასები. ის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავდა. ‘ალსთერის’, ‘ძებრესა’ და იტალიის 20-წლამდე ნაკრების მწვრთნელებმა თავიანთი გეგმები და სტრატეგიები გაგვაცნეს. იყო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადონეობები. ვმუშაობდით გუნდურად და ყველა საკითხს გავდიოდით დეტალურად“.
„კურსი კარგად იყო ორგანიზებული და მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინეთ. ეს ჩემთვის პირველი საერთაშორისო სწავლება იყო და მოხარული ვარ, ამ სივრცეში ყოფნის შესაძლებლობა რომ მომეცა“.
ქეთი მოდებაძე: „ეს იყო პირველი საერთაშორისო სემინარი, რომელიც რაგბი ევროპის ეგიდით, კონკრეტულად 7-კაცას სპეციფიკით ჩატარდა. გავეცანით თამაშის თანამედროვე მოთხოვნებს. პროფესიონალმა მწვრთნელებმა, წამყვანი გუნდების ფიზ. მომზადების სპეციალისტებმა სრულყოფილად ჩაგვახედეს თავიანთ პროგრამებში: დაგეგმარებაში, როგორც სეზონისთვის, ასევე კონკრეტული თამაშისთვის მზადების პროცესში და მეთოდებში“.
„იტალიის ფიზ. მომზადების წამყვანმა სპეციალისტმა გაგვაცნო, თუ როგორ მუშაობენ სხვადასხვა ასაკის მოთამაშეებთან (13-წლიდან ზევით). მოგვიყვანეს კონკრეტული მაგალითები სისწრაფის, სისხარტის და სხვა კომპონენტებზე ვარჯიშებთან დაკავშირებით. სასიხარულოა, რომ ერთ-ერთი მენტორი გიორგი მაისურაძე იყო, რომელმაც ორი მოდული წაიკითხა“.
„ვცხოვრობდით ‘ძებრეს’ ბაზაზე, სადაც სამუშაოდ ყველა პირობა გვქონდა. მრავლად იყო პრაქტიკული სამუშაოები, რაც განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. რაც მთავარია, კურსი ამით არ მთავრდება. მონაწილეებს მოგვიჩინეს მენტორები, რომლებიც გააგრძელებენ ჩვენთან მუშაობას. თვეში ერთხელ გვექნება ონლაინ-შეხვედრები, მივიღებთ დავალებებს და მათ შესასრულებლად გვექნება კონკრეტული დრო, რაც ჩვენს განვითარებას უზრუნველყოფს“.
RUGBY.GE







