ფეხბურთი

2:30 | 3.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კასანომ იტალიური ფეხბურთის კრიზისზე საუბრისას მაგალითად საქართველოს ნაკრები მოიყვანა
"ავიღოთ პატარა ქვეყნები, მაგალითად, საქართველო, რომელსაც ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი ჰყავს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ იტალიის ნაკრების წარუმატებლობაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, იტალიაში აუცილებელია ფეხბურთის რეფორმა, რომელიც წლების წინ გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში განახორციელეს. მან მაგალითად, საქართველოც კი დაასახელა და კერძოდ, ხვიჩა კვარაცხელია.

„ისეთი ძლიერი ქვეყანა ვართ, როგორიც საფრანგეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები. მათ გამბედაობა ჰქონდათ, რომ შეცვლილიყვნენ. ახლა საფრანგეთს შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი ისეთი გუნდი გაიყვანოს, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. გერმანიაში კი ძლიერი ფეხბურთელები სოკოებივით, ყოველ ათ წამში ჩნდებიან. ავიღოთ შედარებით ნაკლებად ძლიერი ნაკრებები: ბელგია, ნიდერლანდები, პორტუგალია - ისინი წინ მიდიან, რადგან გრძელვადიანი ხედვა აქვთ და სკამებზე არ არიან მიჯაჭვულები, არ უნდათ უბრალოდ კომფორტულ გარემოში დარჩენა. დავიწყოთ ძირიდან, კომპეტენტური ხალხით, ვისაც უყვარს ფეხბურთი და ახალგაზრდები.

ისეთი ქვეყანა უნდა გვქონდეს, სადაც ჩვენი საყვარელი სპორტი, ფეხბურთი, ახალგაზრდებისთვის იქნება და არა 70, 80, 90 წლის ხალხისთვის. სისულელეებს ვაკეთებთ, საშინლად ვთამაშობთ და უკვე 15 წელია ყველა დაგვცინის, ჯამბაზებივით ვართ. სამაგიეროდ, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია, ბელგია - ბევრი ქვეყანა წინ მიდის.

უფრო პატარა ქვეყნები ავიღოთ: ნორვეგია, უზბეკეთი, რომელსაც ხუსანოვი ჰყავს, რომელიც გვარდიოლას „სიტიმ“ იყიდა. ნორვეგიაში ყოველ 15 წუთში ძლიერი ფეხბურთელები ჩნდებიან, მათ შვიდი გოლი გაგვიტანეს. მაგალითად, საქართველო, რომელმაც ორი წლის წინ ძალიან კარგი ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა და ამჟამად, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი ჰყავს, რომელიც „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობს. ეს არის იდეები, განვითარება, კომპეტენტური ხალხი და არა ისეთი ადამიანები, როგორებიც ჩვენთან არიან. გააგდეთ არაკომპეტენტური ხალხი, რომლებიც მხოლოდ სკამს არიან ჩაჭიდებული და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, ახალგაზრდებით“, - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს ზედიზედ მესამედ გამოტოვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166563