მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა და უკვე სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მოვლენად მიიჩნევა. FIFA-ს მიერ გამოცხადებული ბოლო გაყიდვების ეტაპზე ბილეთების მაქსიმალური ფასი დაახლოებით 10,900 დოლარს აღწევს, ხოლო ყველაზე იაფი კატეგორიის ბილეთებიც კი 5,785 დოლარამდეა გაზრდილი.
თავდაპირველად ტურნირის მასპინძელ ქვეყნებს: კანადას, აშშ-ს და მექსიკას ფინალის ბილეთების მაქსიმალურ ფასად მხოლოდ 1,550 დოლარი ჰქონდათ დასახელებული და ამის ფონზე ბილეთების ფასის ზრდა უფრო შესამჩნევია.
ბილეთების ღირებულება ეტაპობრივად იზრდებოდა: ოქტომბერში გაყიდვების დაწყებისას პირველი კატეგორიის ბილეთები დაახლოებით 6,730 დოლარი ღირდა, შემდეგ 8,680 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ახლა თითქმის 11,000 დოლარს უახლოვდება. ფასების ზრდა მხოლოდ ფინალს არ ეხება — სხვა მატჩებზეც მაღალი ფასებია შენარჩუნებული, მაგალითისთვის, აშშ-ის ნაკრების ერთ-ერთ შეხვედრაზე ბილეთები რამდენიმე ათას დოლარს აღწევს, რაც გულშემატკივრებში უკმაყოფილებას იწვევს.
ფასების ასეთ მკვეთრ ზრდას FIFA „დინამიკური ფასების“ მოდელით ხსნის, რომლის მიხედვითაც ბილეთების ღირებულება მოთხოვნაზეა დამოკიდებული. ორგანიზაციის განცხადებით, მიღებული შემოსავალი გლობალურად ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება.
კრიტიკოსები და გულშემატკივართა ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკა ჩვეულებრივ ქომაგებს მსოფლიო ჩემპიონატიდან ფაქტობრივად გამორიცხავს და ტურნირს „ელიტურ ღონისძიებად“ აქცევს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 11 ივნის აიღებს და 19 ივლისს დასრულდება.







