ლონდონის „ჩელსიმ“ ენცო ფერნანდესი დასაჯა, რომელიც გუნდს მომდევნო ორი მატჩის განმავლობაში ვერ დაეხმარება - კლუბის გადაწყვეტილებით.
არგენტინელის დასჯის მიზეზი მისივე განცხადება გახდა, რომ მადრიდში სიამოვნებით იცხოვრებდა. საქმე ისაა, რომ ენცოს მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ და როგორც ჩანს, ის თანახმაა, ამაზე საჯაროდ საუბარი კი „ჩელსიში“ არ მოეწონათ:
„მინდა ესპანეთში ცხოვრება. ძალიან მომწონს მადრიდი, ის ბუენოს აირესს მაგონებს. ფეხბურთელები სადაც სურთ, იქ ცხოვრობენ. მე მადრიდში ვიცხოვრებდი. ესპანეთი ჩემთვის უფრო კომფორტულია“, - თქვა არგენტინელმა.
„იმედგამაცრუებელია, რომ ენცომ ასე გამოხატა საკუთარი აზრი", - თქვა ლიამ როსენიორმა „პორტ ვეილთან“ ასოციაციის თასზე მატჩის წინ: „არაფერი მაქვს ცუდი სათქმელი მასზე, მაგრამ კულტურისა და იმის თვალსაზრისით, თუ რა გვინდა ავაშენოთ, ზღვარი გადაილახა. მას, როგორც ადამიანს და ფეხბურთელს, უდიდეს პატივს ვცემ. ის იმედგაცრუებულია, რადგან გამარჯვება სურს“.
ლონდონური კლუბის გადაწყვეტილება მხოლოდ მომდევნო ორ მატჩზე იმოქმედებს: „პორტ ვეილსა“ და „მანჩესტერ სიტისთან“.
„რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს მხოლოდ ჩემზე ან სპორტულ დირექტორზე არ არის დამოკიდებული“, - განაგრძო როსენიორმა: „მფლობელები, ფეხბურთელები, ყველანი ერთ აზრზე ვართ. ენცოსთვის კარი დახურული არ არის. ეს სანქციაა. ჩვენ კულტურა უნდა დავიცვათ და ამ თვალსაზრისით, ზღვარი გადაილახა“.
ენცოს აგენტმა ხავიერ პასტორემ გადაწყვეტილებას სრულიად უსამართლო უწოდა: „სასჯელი სრულიად უსამართლოა. ენცო ვერ ხვდებოდა სიტუაციას. მან არც ერთი კლუბი არ ახსენა და არც ის თქვა, რომ "ჩელსიდან" წასვლა სურს, სულაც არ არის ასე. ის მხოლოდ მადრიდს, ქალაქს ახსენებს, რადგან ჰკითხეს, რომელ ევროპულ ქალაქში სურდა ერთ დღეს ცხოვრება და მან უპასუხა, რომ მადრიდი... მაგრამ არცერთ მომენტში არ ამბობს, რომ "ჩელსიდან" ან ლონდონიდან წასვლა სურს“.
შეგახსენებთ, რომ ენცო ფერნანდესმა „ჩელსის“ 2023 წლის იანვარში „ბენფიკადან“ 121 მილიონ ევროდ შეუერთდა და მას შემდეგ 161 მატჩში 28 გოლი გაიტანა, ხოლო 29-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.





