„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ტულუზთან“ მატჩის (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ესპანელი სპეციალისტი ძალიან კმაყოფილია გუნდის თამაშით და განსაკუთრებით გონსალო რამოში შეაქო:
„ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სამი ქულა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს მატჩი სანაკრებო შესვენების შემდეგ შედგა. ძნელი სამართავია, რადგან ბევრი ჩვენი ფეხბურთელი იყო ნაკრებებში, მათი უმეტესობა მოგზაურობდა და თამაშობდა. პარასკევს ვითამაშეთ, რამაც კიდევ უფრო გაართულა საქმე, რადგან ერთი დღით ნაკლები დასვენება გვქონდა, მაგრამ გუნდმა აჩვენა, რომ ამ მატჩის მართვის უნარი ჰქონდა და ახლა დროა, დავისვენოთ, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად, შემდეგ კი მოვემზადოთ მომავალ კვირაში „ლივერპულის“ წინააღმდეგ გასამართი პირველი მატჩისთვის.
დღეს გონსალო რამოშმა ხუთი წუთი ითამაშა და გოლი გაიტანა. ის მუდმივად იბრძვის, ეს წარმოუდგენელია. უსამართლოა ის, რასაც მასთან ვაკეთებ, მაგრამ ის მიმტკიცებს, რომ ვცდები.
დღესაც და მანამდეც კი ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი ტურნირისთვის მზად ვართ. არის რაღაცეები, რისი გაუმჯობესებაც შეგვიძლია, ეს ცხადია. მაგრამ როდესაც საქმე ბრძოლას ეხება, ჩვენ იქ ვართ. ახლა მთავარია, ყველა მოთამაშეს დასვენების საშუალება მივცეთ, რადგან თითქმის ყველა მათგანი ეროვნულ გუნდშია ჩართული. მათ დასვენება და რამდენიმე დღე სჭირდებათ.
დემბელეს გოლი? ჩემთვის ყველა გოლი ლამაზია. ის ვარჯიშზე შესანიშნავი იყო იმედი მქონდა, რომ მინიმუმ 50%-ით მაინც გამოაჩენდა იმ ხარისხს, რაც აჩვენა. დღეს მან აჩვენა, თუ რატომ არის „ოქროს ბურთის“ მფლობელი. სწორედ ამიტომ შეძლო მან 90 წუთი თამაში. ეს მნიშვნელოვანია მისი ფიზიკური მდგომარეობისთვის და ძალიან გვიხარია, რადგან ყოველთვის სასიამოვნოა ასეთი უნიკალური მოთამაშის მოედანზე ხილვა.
ჰაკიმის მე-200 მატჩი პსჟ-ში? ეს მის დონეს აჩვენებს, გუნდს აძლიერებს და ბედნიერები ვართ. ვიმედოვნებთ, რომ ის კიდევ 200 მატჩს ითამაშებს“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ 63 ქულით პირველ ადგილზეა და ლიგა 1-ში მომდევნო მატჩს 19 აპრილს, „ლიონთან“ გამართავს, მაგრამ მანამდე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 8-14 აპრილს, „ლივერპულს“ ორჯერ შეხვდება, კვარაცხელიაც გიორგი მამარდაშვილის წინააღმდეგ ორჯერ ითამაშებს.





