ფეხბურთი

14:00 | 4.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: "სხვების გარდა, ჩვენს სტანდარტებსაც ჩამოვრჩით, ეს უნდა ვაღიაროთ"

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ იტალიის ნაკრებისა და ზოგადად, იტალიური ფეხბურთის კრიზისზე ისაუბრა.

როგორც „იუვენტუსის“ ყოფილმა კაპიტანმა განაცხადა, საჭიროა ყველაფერი თავიდან დაიწყონ, ისე, როგორც ეს წლების წინ საფრანგეთმა და გერმანიამ გააკეთეს.

„ყველას უნდა დავაკისროთ პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ ფედერაციის პრეზიდენტს. ძალიან ჩამოვრჩით: არა მხოლოდ ჩვენს სტანდარტებს, არამედ სხვებსაც, რომლებმაც შეისწავლეს ნულიდან დაწყების გზები. მაგალითად, საფრანგეთსა და გერმანიას ჰქონდათ გამბედაობა, გარკვეული გზები აერჩიათ. თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს ნებისყოფა, რომ რეაგირება მოვახდინოთ და თავიდან დავიწყოთ, ვისწავლოთ და ვიმუშაოთ პრობლემების გადასაჭრელად იმ ენთუზიაზმით, რომელიც საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ. 1982 და 2006 წლებში, სრული კატასტროფის ფონზე, იტალიელმა ხალხმა მოახერხა ენერგიისა და გამოსავლის პოვნა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გამოსავალი ძალიან შორს ჩანს.

რა არის გამოსავალი - პასუხის გაცემა რთულია. დღევანდელ ფეხბურთში იდეები სხვადასხვა ადამიანმა უნდა წარმოადგინოს. გუნდური მუშაობის მჯერა. არ უნდა არსებობდეს განტევების ვაცი და მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც ყველაფრის გამოსწორება შეეძლება. სხვებთან შედარებით, ჩვენ ბევრ სფეროში გვაქვს ხარვეზები. უნდა გავაანალიზოთ, რა არ მუშაობს მამაკაცთა ფეხბურთში, რადგან ქალთა ფეხბურთი და სხვა სპორტის სახეობები შესანიშნავად ფუნქციონირებენ. პრობლემებია ახალგაზრდულ სექტორებთან, სტადიონებთან და ინვესტიციებთან დაკავშირებით: ზოგის გამოსწორება შესაძლებელია, ზოგის ნაკლებად.

გვქონდა ფეხბურთის ადგილობრივი სტილი, მაგრამ ტრადიცია დავკარგეთ. სხვა ქვეყნებში, კლუბებში უფრო მეტი იდენტობაა, მაგალითად, ესპანეთში, „ბილბაოსა“ და „სევილიაში“. უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკან და ვთქვათ: აღარ ვართ საუკეთესოები, არც მეორე და არც მესამე. უნდა ვაღიაროთ, რომ არ ვართ ის, ვინც გვგონია, რომ ვართ. სიამაყე გვერდზე უნდა გადავდოთ! თავმდაბლობაა საჭირო.

საჭიროა გეგმა კონკრეტული ნაბიჯებით, მხოლოდ ფული საკმარისი არაა. ანჩელოტი, როცა ჩემთან ერთად „იუვეში“ მუშაობდა, თითქოს, მსოფლიოში ყველაზე ცუდი მწვრთნელი იყო, მაგრამ შემდეგ დაამტკიცა, რომ ასე არ იყო. რაღაც მეტია საჭირო, ვიდრე უბრალოდ საკუთარი უკანალის გადარჩენა. პოლიტიკოსებმა უნდა ისაუბრონ, როგორც პოლიტიკოსებმა და არა, როგორც გულშემატკივრებმა“, - თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს ზედიზედ მესამედ გამოტოვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092712