„ლივერპული“ ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტითან“ 0:4 განადგურდა და ტურნირს გამოეთიშა.
არნე სლოტის გუნდს ცუდი სეზონი აქვს, მაგრამ „ეტიჰადზე“ ასეთი მარცხი მაინც არავითარ კრიტიკას არ უძლებს. გიორგი მამარდაშვილმა ალისონი შეცვალა, მაგრამ გუნდს ვერაფრით დაეხმარა.
თავიდან „ლივერპული“ ურიგოდ არ თამაშობდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ორჯერ გაუშვა. ჯერ ერლინგ ჰოლანდმა პენალტი გაუტანა მამარდაშვილს, ხოლო კომპენსირებულ დროში ნორვეგიელმა თავური დარტყმით დუბლი შეასრულა.
მეორე ტაიმის სტარტი „წითლებისთვის“ კიდევ უფრო კოშმარული იყო: ჯერ ანტუან სემენიომ შეაგდო, შემდეგ ჰოლანდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. არნე სლოტის გუნდის დაცვის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა. „ლივერპულს“ პრესტიჟის გოლის შანსი ჰქონდა, მაგრამ მოჰამედ სალაჰმა პენალტი ვერ გაიტანა და 4:0.
მამარდაშვილმა 3 სეივი მიითვალა. ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 6, ჩემპიონთა ლიგაზე - 5, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1.
„ლივერპული“ მომდევნო მატჩს 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩაატარებს, შესაბამისად, გიორგი მამარდაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას დაუპირისპირდება.
"მანჩესტერ სიტი" - "ლივერპული" 4:0 (2:0)
გოლები: 1:0 ჰოლანდი (39, პენ), 2:0 ჰოლანდი (45), 3:0 სემენიო (50), 4:0 ჰოლანდი (57)





