გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ „გლადბახს“ სტუმრად დაუზავდა.
თავიდან „გლადბახი“ იგებდა, შემდეგ სტუმრებმა ორჯერ გაიტანეს, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ფრე - 2:2. ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა არ გაუტანია და 62-ე წუთზე შეცვალეს. ქართველ ფორვარდს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრაში ერთადერთი გოლი აქვს გატანილი.
„ჰადენჰაიმი“ 16 ქულით ბოლო ადგილზეა და თითქმის გავარდნილია, რადგან ჩამორჩენა ტურიდან ტურამდე იზრდება, ხოლო მომდევნო ტურში 11 აპრილს, „უნიონ ბერლინს“ უმასპინძლებს.
„ჰამბურგი“ საკუთარ მოედანზე „აუგსბურგს“ დაუზავდა - 1:1. ჯერ სტუმრები იგებდნენ, მეორე ტაიმში მასპინძლებმა გათანაბრეს. გიორგი გოჩოლეიშვილი თამაში 67-ე წუთზე ჩაერთო. ქართველ მცველს ბუნდესლიგის მიდინარე სეზონში 21 მატჩი აქვს ჩატარებული, სამჯერ მან გერმანიის თასზეც ითამაშა.
„ჰამბურგი“ 31 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს და მომდევნო ტურის მატჩს 12 აპრილს, სტუმრად „შტუტგარტთან“ გამართავს.
მიუნხენის „ბაიერნი“ „ფრაიბურგთან“ სტუმრად ორბურთიანი სხვაობით აგებდა და თითქოს, სეზონში მეორე მარცხი უნდა განეცადა, მაგრამ 20 წლის ტომ ბიშოფი სხვაგვარად ფიქრობდა. გერმანელმა ბოლო წუთებზე დუბლი შეასრულა.
თუმცა, ვენსან კომპანის გუნდი ქულას არ დასჯერდა: ბოლო კომპენსირებულ წუთზე ლენარტ კარლმა მესამე გოლი გაიტანა და 2:3. ასე რომ, „ბაიერნმა“ მოიგო მატჩი, რომელსაც 81-ე წუთამდე ორბურთიანი სხვაობით აგებდა. „ბაიერნი“ ბუნდესლიგას 73 ქულით ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს.





