„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ, რომელიც ადრე იტალიის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, კომენტარი გააკეთა „აძურის“ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გასვლაზე. იტალიის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალში ბოსნია და ჰერცეგოვინასთან წააგო (1:1, პენალტების სერიაში 1:4).
„ცხადია, ფეხბურთელები იმედგაცრუებულები არიან. ყველას ვიცნობ და ვიცი, თუ რამხელა სიყვარული და ვნება ჩადეს ამაში. ვწუხვარ მომხდარის გამო, მაგრამ ასევე იმედი მაქვს, რომ ხალხი მოუსმენს რჩევებს და სწორად დაიწყებს მომავლის შენებას.
უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, ნამდვილად მნიშვნელოვანია თუ არა ჩვენთვის ნიჭის გამოყენება. იტალიურ ფეხბურთში ამჟამად ბევრი უცხოელი მფლობელია და ეს კარგია, მაგრამ სურთ თუ არა მათ იტალიელი ფეხბურთელების განვითარება?
„ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი დედაა, რომელიც ისეთ ტალანტებს შობს როგორებიც არიან ბაჯო, ტოტი, დელ პიერო და კანავარო და ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ნიჭის გამოყენება“, - ციტირებს სპალეტის სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ სპალეტი იტალიის ნაკრებიდან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ორი მატჩის შემდეგ გაათავისუფლეს. ამ მატჩებში იტალიამ ნორვეგიასთან (0:3) წააგო და მოლდოვასთან (2:0) გაიმარჯვა. მის ნაცვლად ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ჯენარო გატუზო გახდა.





