NBA-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" სტუმრად "ნიუ ორლეანს პელიკანს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 112:108 იმარჯვა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, პირველი პერიოდი სტუმრებმა ერთქულიანი სხვაობით 29:28 მოიგეს, თუმცა შემდეგ "ორლეანსმა" თამაში გამოასწორა და დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, სადაც "ორლანდომ" მეტოქეს დამაჯერებლად 31:20 აჯობა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა.
გოგა ბითაძემ დღევანდელ შეხვედრაში პარკეტზე 16:15 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 6 ქულას, 8 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას, 1 ჩაჭრასა და 2 დაფარებას მოუყარა თავი. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ "ორლანდო" 42 მოგებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს 7 აპრილს "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს.







