ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 30-ე ტურში „ჯენოა“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტურში მისმა კონკურენტებმა „კომომ“ და „რომამ“ ვერ მოიგეს.
„იუვემ“ თამაში ძალიან კარგად დაიწყო: მეოთხე წუთზე ანგარიში გლეისონ ბრემერმა გახსნა, ხოლო მე-17 წუთზე ტურინელთა შესანიშნავი კომბინაცია ვესტონ მაკკენიმ გოლით დაასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
„იუვეს“ მეორე ტაიმის სტარტზე ორი შესანიშნავი შანსი ჰქონდა სხვაობის სამამდე გასაზრდელად, მაგრამ ჯერ ვესტონ მაკკენიმ დაარტყა არაზუსტად, შემდეგ ჯონათან დევიდმა ძელი შეაზანზარა.
ამის შემდეგ „ჯენოა“ უფრო გააქტიურდა და 75-ე წუთზე აარონ მარტინმა ჩინებული შანსი მიიღო სხვაობის შესამცირებლად, მაგრამ ესპანელი მცველის პენალტი მიკელე დი გრეგორიომ მოიგერია და ანგარიში უცვლელი დარჩა.
საბოლოოდ, „იუვენტუსმა“ 2:0 გაიმარჯვა და 57 ქულა დააგროვა, ისევ მეხუთე ადგილზეა, მაგრამ „რომას“ 3 ქულით გაუსწრო, ხოლო „კომოსთან“ ჩამორჩენა კი ერთადერთ ქულამდე შეამცირა.
ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო ტურში სტუმრად კიდევ ერთ კონკურენტ ბერგამოს „ატალანტას“ 11 აპრილს შეხვდება, რომელსაც 4 ქულით უსწრებს.





