ფეხბურთი

18:17 | 7.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ამ დონეზე ფავორიტი არ არსებობს, არც ჩვენ ვართ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ფავორიტი არ არსებობს და იმის გაფიქრება, რომ „ლივერპულთან“ ფავორიტები არიან, წარუმატებლობისკენ გზაა:

„ვისაუბრეთ „ტულუზთან“ მატჩის მოგების მნიშვნელობაზე და სამუშაოს შესრულების მნიშვნელობაზე, რადგან ლიგაში უკეთეს პოზიციაზე ვართ და ჩემპიონთა ლიგას კარგი განწყობით ვუახლოვდებით. ეს მწვრთნელის საქმეა: იპოვოს გზები, რომ გუნდი კარგად ათამაშოს. მე ყოველთვის მინდა, რომ იგივე იდენტობა ვაჩვენოთ, ვეცადოთ ფეხბურთი ვითამაშოთ და მომენტით დავტკბეთ.

ვეცდებით, ბურთი უფრო მეტად გვქონდეს, ვიდრე „ლივერპულს“, რომელიც ძალიან კარგი გუნდია, ხარისხიანი ფეხბურთელებითა და ძალიან კარგი მწვრთნელით. მეოთხედფინალში ყოველთვის განსაკუთრებული მატჩია, რადგან მხოლოდ რვა გუნდი დარჩა. როდესაც ამ დონეზე ყოფნას ეჩვევი, გუნდისთვის ეს შესანიშნავია. ნამდვილად პოზიტიურია, რომ „ლივერპულის“ წინააღმდეგ ამის ჩვენება შეგვიძლია. გვსურს მომდევნო ეტაპზე გასვლა. ვაცნობიერებთ სირთულეს, მაგრამ მოტივირებულები ვართ. გვინდა, რომ „პარკ დე პრენსზე“ თამაშით ვისიამოვნოთ.

ოთხშაბათს მნიშვნელოვანი იქნება ფეხბურთის თამაშის სურვილის ჩვენება, „პარკ დე პრენსის“, გულშემატკივრების ატმოსფეროთი ტკბობა. ეს ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: 100%-ის გაღება. ამის შემდეგ, რა იქნება შედეგი? ვნახოთ. გასულ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ წავაგეთ. „ლივერპული“ ფავორიტი იყო და პსჟ-მ გასვლა მოახერხა. შეჯიბრის ამ ეტაპზე ფავორიტები არ არიან. მნიშვნელოვანია, ვეცადოთ, გავაკონტროლოთ ის, რისი კონტროლიც შეგვიძლია. „ლივერპული“ ძალიან მაღალი დონის გუნდია და იმის ფიქრი, რომ ფავორიტი ხარ, წარუმატებლობის საუკეთესო გზაა. ამ შეჯიბრში ფავორიტი არ არსებობს. ამ ტიპის მატჩებში შეუძლებელია ფავორიტის ყოლა. ჩემთვის ის არ არსებობს.

ვფიქრობ, გასულ სეზონში „ლივერპულთან“ პირველ მატჩში ძალიან მაღალი დონის თამაში ვაჩვენეთ. ამ მატჩის წაგება წარმოუდგენელი იყო, ფეხბურთის ბუნებას ეწინააღმდეგებოდა. იგივე დონის თამაშს დავთანხმდებოდი, მაგრამ არა შედეგის გამო. გვსურს შემტევი ფეხბურთის თამაში, ვცდილობთ გამარჯვებას მოწინააღმდეგის მიუხედავად და უპირველეს ყოვლისა, დავტკბეთ მომენტით „პარკ დე პრენსზე“, ამ წარმოუდგენელ სტადიონზე და ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად. ფანტასტიკურია ამ მატჩების სახლში თამაში. ეს იქნება გადამწყვეტი“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 8 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093282