დღეს, მადრიდის "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩს სტუმრად "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრამდე კი მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ანტუან გრიზმანთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, რომელიც განსხვავებულად დაიწყო. იქამდე სანამ ჟურნალისტები შეკითხვებს დასვამდნენ არგენტინელმა სპეციალისტმა თავად დაიწყო საუბარი და გრიზმანს მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის.
„მაპატიეთ, მაპატიეთ, სანამ კითხვებს დაიწყებთ, მინდოდა, ჩემი, როგორც მწვრთნელისა და „ატლეტიკოს“ გულშემატკივრის პერსპექტივიდან, ანტუანი დღევანდელ პრესკონფერენციაზე ყოფილიყო რათა მას მადლობა გადავუცადოთ ყველაფრისთვის.
ანტუან, მადლობა ყველაფრისთვის - შენი შრომისთვის და თავმდაბლობისთვის. შენ სამაგალითო ადამიანი ხარ დღევანდელი ბიჭებისთვის და იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც შენნაირი ხალხი სჭირდება. მადლობა ყველაფრისთვის, რაც მოგვეცი, რასაც ახლა გვაძლევ და რის მოცემასაც კიდევ გაიძულებ მომავალში. მადლობა შენი ერთგულებისთვის, იმისთვის, რომ მუდამ პროფესიონალურად იქცეოდი მე შენ ჯერ ფეხბურთელად მიგიჩნევ, შემდეგ კი მეგობრად. ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც შენი მწვრთნელი ვარ, ამიტომ იცი, რომ თუ ხვალ არ ირბენ, თამაშიდან გამოგიყვან.
ჯერ კიდევ გვაქვს კოპა დელ რეის ფინალი და თუ ღმერთი ინებებს, ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ხუთ მატჩს ვითამაშებთ. ისიამოვნე ამით, შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ", - თქვა სიმეონემ.
ანტუან გრიზმანმა დიეგო სიმეონეს მადლობა გადაუხადა:
"დიდი მადლობა მწვრთნელო ასეთი სიტყვებისთვის, ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად მუშაობა. იმედი მაქვს გულშემატკივარს დიდხანს ემახსოვრება ჩემი თამაში", - განაცხადა გრიზმანმა.
ცნობისთვის, უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ანტუან გრიზმანი ზაფხულში "ატლეტიკოს" დატოვებს და კარიერას "ორლანდო სიტიში" გააგრძელებს. 35 წლის ფრანგმა უკვე მოაწერა ხელი ახალ კლუბთან კონტრაქტს და ზაფხულში უკვე ოფიციალურად გახდება ამერიკული კლუბის წევრი.





